პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით განიხილავს უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრის ჩატარება.
დეპუტატებს კანონპროექტის შინაარსი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააცნო. მისი თქმით, კონსტიტუციაში კიდევ არაერთი ცვლილება იქნება განსახორციელებელი.
ამ დროისთვის დეპუტატები საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომაზე უკვე დააყენა სარეიტინგო კენჭისყრის ინიციატივა.
„ჩვენ გვინდა ისეთი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არ ემუქრება უმცირესობას და არ ეუბნება, რომ გადაიბირებს მის მხარდამჭერებს. ჩვენ ვითხოვთ არსებული რიტორიკის შეცვლას იმისთვის, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა და დავადასტუროთ ჩვენი რეალური ძალა - ერთი მხრივ უმრავლესობამ, მეორე მხრივ ოპოზიციამ. ჩავატაროთ იმისთვის, რომ მოვხსნათ გადაბირებულის სახელი თითოეულ დეპუტატს, რადგან, როდესაც გადაბირებაზე საუბრობენ, თითოეულ მათგანს აქვს შეგრძნება, რომ მას გულისხმობენ და ადანაშაულებენ“, - განაცხადა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც სხდომაზე ხსენებული ინიციატივა დააყენა. მისივე თქმით, მთავარი, რაც დღეს გაირკვევა, არის გადაწყვეტილების მიღების ფორმა.
უმცირესობის კიდევ ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრა იქნება დასტური, რომ ეს ცივილიზებული პროცესია და საქმე არ გვაქვს ზეწოლის შედეგად მიღებულ ხმებთან.
„ამ კენჭისყრის შემდეგ, განგიხილავთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებად და არა მტრებად“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
„როდესაც, პრეზიდენტმა პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის უფლება შეიძინა და ოპოზიციაში წავედი, ბევრმა, რომლებიც ამჟამად დარბაზში სხედან, მას მხარი დაუჭირა. მიხარია, რომ დღეს ეს საკითხი იხილება, რათა პარლამენტი დამოკლეს მახვილისაგან გათავისუფლდეს. გულწრფელად მინდა, რომ ჩემი კოლეგები ამ პროცესის სრული თანამონაწილეები იყვნენ და სიამაყით თქვან, რომ ამ პროცესის მონაწილე იყვნენ“, - თქვა დავითაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 მარტის მიმართვაში, სარეიტინგო კენჭისყრა ნაციონალურ მოძრაობას იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ ისინი არ გატყდნენ, მიუხედავად დეპუტატებზე უპრეცედენტო ზეწოლისა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენების თქმით, სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, თუ რამდენი ხმა სჭირდება მმართველ პარტიას ცვლილების მისაღებად და მზად არიან, ქართულ ოცნებას ხმების საჭირო რაოდენობა დაუმატონ.
სარეიტინგო კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.
საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს, ქართულ ოცნებას მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. ამჟამად ქართულ ოცნებას 83 დეპუტატი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 53 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში.





