განათლების სამინისტრო

მარგველაშვილი: აგრუნის ავტორიზაცია ერთ კვირაში აღდგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის წართმევასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ "მოხერხდა იმ ადამიანების საქართველოს კანონმდებლობის სამსახურში ჩაყენება, ვინც მას არ ცნობდა". 

მისი თქმით, სამინისტრო და ხარისხის მართვის ცენტრი პოლიტიკური კლოუნადის მსხვერპლი გახდა. "მე მინდა ღია ეთერით მივმართო ხარისხის მართვის სამსახურს იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. კოლეგებო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მე ვწუხვარ, რომ თქვენ ჩემთან ერთად გახდით ბენდუქიძის, ხატია დეკანოიძის, ურუშაძის, უტიაშვილის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური კლოუნადის და პიარის და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენ თვალს ვადევნებდით ყოვლად ამაზრზენ პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგიც იყო - ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა. მე მიხარია, რომ დღეს ამ ჯგუფმა მოახერხა და მოვიდა კანონთან შესაბამისობაში. დღეს ხარისხის მართვის სამსახურში არის წარდგენილი დოკუმენტები, სადაც ალბათ თავისთვის გასაოცრად და უჩვეულოდ, ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებდა 9 წლის განმავლობაში, მოსულია შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, რამდენადაც ეს რთული და გაუგონარი არ უნდა იყოს მათთვის. აქედან გამომდინარე, ხარისხის სამსახურს გთხოვთ, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადაში და კანონის ფარგლებში განახორციელეთ შესაბამისი პროცედურები იმისთვის, რომ დამთავრდეს ეს პიარსპეკულაციები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ მაქსიმალურად დაჩქარების შემთხვევაში, პროცედურების დასრულება დაახლოებით ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები