საკონსტიტუციო ცვლილებები

წულუკიანი: შესაძლებელია უმრავლესობის პასუხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დადებითი იყოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ უმცირესობას  პასუხისმგებლობა აქვს, ამ ინიციატივას ყოველგვარი სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე უნდა დაუჭიროს მხარი. 

 წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა უმცირესობის ინიციატივაზე. იგი აცხადებს, რომ ამ პროცესს გარედან აკვირდება და გაოცებულია უმცირესობის ფანტაზიებით. იუსტიციის მინისტრის თქმით, შესაძლებელია, ამ ინიციატივაზე უმრავლესობის პასუხი იყოს დადებითი, თუმცა ეს მისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის.

"უმცირესობა თუ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაა, აუცილებლად მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ყოველგვარი რეიტინგული კენჭისყრის გარეშე. ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ კეთდება ვინმესთვის, ეს კეთდება ქვეყნისთვის იმის გამო, რომ ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მოხდეს სახელმწიფო დესტაბილიზაცია. თუ ეს ოპოზიციას არ ესმის, მაშინ უმცირესობის ფანტაზიებს ფართოდ შეიძლება გაეხსნას კარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, მანამდე კი სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. სარეიტინგო კენჭისყრა განსაზღვრავს თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი აკლია საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ასეთი კენჭისყრის აუცილებლობა არ არსებობს. 

კომენტარები