განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მან დიპლომატიურ კორპუსს აგრარული უნივერსიტეტის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩვენ ავტორიზაციის მინიჭების პროცესს მაქსიმალურად დავაჩქარებთ. სისულელე იქნება, რომ პროცესი უკანონოდ განვახორციელოთ. ბატონი ბენდუქიძე დაემორჩილა კანონმდებლობას და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ კახაბერს, მაგრამ თუ ეცდება კანონი დამარღვევინოს, მაინც არ დავარღვევ. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ არის პოლიტიკური მზაობა, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს პრობლემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მინისტრის აზრით, კომიკურია 12 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა.
"ჩვენ ახლა კომიკურ ვითარებაში ვართ. აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოასწორა შეცდომა. მინისტრი ამბობს, რომ ავტორიზაცია მიეცემა; ახლა სტუდენტების გადასაწყვეტია, უნდათ ავტორიზაცია თუ უნდათ პოლიტიკა. ამგვარი მოთხოვნა თითიდან გამოწოვილია იმისთვის, რომ ბენდუქიძემ პოლიტდევნილის სტატუსი შეინარჩუნოს, რაც უკვე შეუძლებელია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
განათლების მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ავტორიზაციის მინიჭების სავარაუდო ვადებიც დაასახელა.
მისი ვარაუდით, აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციას დაახლოებით ორ-სამ კვირაში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12-13 მარტს გამართულ სხდომაზე გაუუქმეს. ამას სტუდენტების აქციები მოჰყვა. დღეს, 18 მარტს, 4 საათზე განათლების სამინისტროს წინ სტუდენტები კიდევ ერთ აქციას მართავენ - ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.





