საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: პირადი ცხოვრების დეტალების გამხელა დაუშვებელია

საქართველოს პრეზიდენტმა facebook-ის საკუთარ გვერდზე შეშფოთება გამოთქვა პრემიერმინისტრის განცხადების გამო, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არასასიამოვნო ტენდენცია დამკვიდრდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის თვალსაზრისით“.

კერძოდ, მისი თქმით, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებელია. „პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია“, - აცხადებს პრეზიდენტი.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია. პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები