აგრარული უნივერსიტეტი

ივანიშვილი: ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკურად ზედმეტად აწეულია

 აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება მარტივი საკითხია, რომელიც პოლიტიკურად ზედმეტად აწეულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

„მე მგონია, რომ აქაც ღია კარის მტვრევაა. კომისიამ, რომელიც სააკაშვილის დროინდელი შემადგენლობით მოქმედებს, ჩაატარა ანალიზი და ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. ყველაფერი ძალიან მარტივია. მათ კომისიის შენიშვნებზე რეაქცია უნდა მოახდინონ და ლიცენზია აღუდგებათ. იქ არანაირი კითხვები არ არის და სტუდენტები არანაირად არ ზარალდებიან. მათ თავიდან მარგველაშვილთან შეხვედრა უნდოდათ, მერე გადაიფიქრეს. აქ რაღაც გაუგებარი თამაშია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

განათლების მინისტრს შეხვედრის თაობაზე სტუდენტებმა გუშინ მიმართეს. თუმცა მარგველაშვილმა მათ „დაბარებითი ტონი“ დაუწუნა და შეხვედრაზე უარი უთხრა. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მინისტრი დღეს, 12 მარტს, შეხვდა. შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა და როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ კითხვებზე პასუხები მინისტრისგან ვერ მიიღეს.

აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციის გაუქმების გასაჩივრებას აპირებს. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები აქციების გაგრძელებას გეგმავენ. 

კომენტარები