პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირადად მოიხდის ბოდიშს ”იმ შეურაცხყოფისთვის, რაც პრეზიდენტმა, საჯარო გამოსვლისას, საქართველოში ღვინის ხარისხის შესამოწმებლად ჩამოსულ რუსულ დელეგაციას მიაყენა’’.
ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის ”ასეთი განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას”.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიგური ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირთან და ნატოსთან ნაკისრი ვალდებულებები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ.
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი.
ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღის წინ საქართველოში რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ”ქართული მხარე რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ღვინის შესამოწმებლად ჩამოვიდა, უკანა თათებზე დამდგარი შეხვდა”.
დღეს კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა და პრემიერმა მედიისთვის განცხადებები ცალ-ცალკე გააკეთეს.





