ბუტა რობაქიძის საქმე

ფირცხალავა დუმილის უფლებას იყენებს

გუშინ, 20 თებერვალს, პროკურატურიდან 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ გამოსულმა  დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დუმილის უფლებას იყენებს. 
ფირცხალავა აცხადებს, რომ პროკურატურაში მას ბრალდებულის სტატუსით შესთავაზეს ჩვენების მიცემა, რაზეც მან უარი განაცხადა და დუმილის უფლება აირჩია. 
დარეჯან გილაშვილი (ფირცხალავას ადვოკატი) აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზად არის კომენტარები მხოლოდ მას შემდეგ გააკეთოს, რაც მის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდება. 
ამასთან, ფირცხალავა გეგმავს, თხოვნით მიმართოს აშშ-ის საელჩოს საქართველოში, მის მიერ მოპოვებულ კადრებს ექსპერტიზა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში ჩაუტარდეს. ფირცხალავა განმარტავს, რომ ეს მას სჭირდება, რათა პირადად დარწმუნდეს და საზოგადოებამაც დაინახოს უფრო ნათლად, არის თუ არა მის მიერ რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მოპოვებული კადრები მონტაჟი.
ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის აუცილებლობაზე აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც საუბრობს. თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურისთვის მთავარია დადგინდეს სიმართლე. მისი თქმით,  ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც გაჩნდება და იქნება დასაშვები და ნამდვილი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მხედველობაში მიღებული უნდა იყოს. 
"თუ აღმოჩნდა, რომ ეს კანონიერი მტკიცებულება უნდა იყოს, ანუ ასახავს რეალობას, რასთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვა არსებობს, მაშინ ის სისხლის სამართლის საქმეში დაშვებული იქნება", - განაცხადა წულუკიანმა. 
შეგახსნებეთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მთავარ პროკურატურას, რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალა 19 თებერვალს გადასცა.

კომენტარები