ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დღის 12 საათზე, რუსთავი 2-ის მიერ იმ ვიდეომასალის გავრცელებას აპროტესტებენ, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს ეხება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ტელეკომპანიის შენობასთან სოსო რობაქიძე და იური ვაზაგაშვილი იმყოფებიან. აქციას შეუერთდნენ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" და "სახალხო კრების" წარმომადგენლები, ასევე ე.წ პოლიტპატიმრები.
აქციის მონაწილეები რუსთავი 2-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაფარვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში რუსთავი 2 ხელს უწყობდა დანაშაულების დაფარვას და ცდილობდა დამნაშავეთა გამართლებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტელეკომპანია კვლავ რჩება ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებად არხად.
როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება, მათივე განცხადებით, დღეს გავრცელებული ვიდეომასალა ეთერში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასულიყო, პირველ რიგში, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, ასევე, იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდებოდა მისი ექსპერტიზა და დადასტურება, რამდენად ასახავდა სინამდვილეს. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ მასალა, რომელიც პირდაპირ ამართლებს იმ ვერსიებს, რომლებსაც ავრცელებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, არის დამონტაჟებული და არ შეესაბამება სიმართლეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალა დღეს სხვადასხვა ტელევიზიამ გაავრცელა. მათ შორის პირველი რუსთავი 2 იყო. ტელეკომპანიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული კადრები არ არის რუსთავი 2-ის ექსკლუზიური მასალა, კადრები რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტს გადასცა. ტელეკომპანიამ დღესვე ბოდიში მოუხადა გარდაცვლილის ოჯახს და აღნიშნა, რომ კადრები მხოლოდ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გაავრცელა.





