კარნავალი

ვენეციური კარნავალი

მოვირგებ ნიღაბს

და გავხდები პულჩინელა,

ვიტყვი სახალხოდ, რომ

ეს მე მოვიგონე მოცარელა.

მოვირგებ ნიღაბს,

გავხდები პანტალონე,

ვიტყვი, მე რომ ცხვირს ვაცემინებ,

ეგ ღირს ერთი მილიონი.

მოვიგებ ნიღაბს მასხარის,

ვეტყვი ყველას, ვინც აქ არის,

რომ ყინულად იქცა მზე

და აღარ არის

„კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს”, – ასე ამბობენ აპენინების ნახევარკუნძულზე. ამიტომაც, თებერვლის სუსხიან დღეებში ვის აღარ გადაეყრებით ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქის ქუჩებში: იმპერატორებს, უფლისწულებს, მეკობრეებსა თუ მეწაღეებს, ბუმბულასხმულ დიდგვაროვან ბარონესებსა და მათ ლაქიებს, რომლებიც მზეს უჩრდილავენ თავიანთ ქალბატონებს. შეხვდებით ისტორიულ პერსონაჟებსაც: დიდ ვენეციელ მოგზაურ მარკო პოლოს თუ ქალების გულთამპყრობელ ჯაკომო კაზანოვას.

კარნავალი დღეს აღდგომის რელიგიურ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მისი სახელი (ლათინურად carnemlevare) ხორცის ამოღებას ნიშნავს და ის ყოველწლიურად თებერვლის თვეში, დიდმარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირაში იმართება. თუმცა, ცნობები მსგავსი სანახაობების შესახებ, ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებში გვხვდება: ძველი რომაელები საკარნავალო ზეიმს 17-23 დეკემბერს მართავდნენ ღვთაება სატურნის სადიდებლად, ძველი ბერძნები კი თავაშვებული ლხინით დიონისეს კერპს მიაგებდნენ პატივს.

აპენინის ნახევარკუნძულზე კარნავალი თითქმის ყველა ქალაქში მეტ-ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. ისტორიას ახსოვს შუა საუკუნეებში, პონტიფიკოსების მიერ აგონესა (დღევანდელი პიაცა ნავონა) და ტესტაჩოზე გამართული დიდებული კარნავალები, რომლებიც ებრაელთა გეტოებიდან ფინანსდებოდა. კარნავალი ხორცთან გამოთხოვების დღესასწაულია. შუა საუკუნეებში, როდესაც საკვები ისედაც რთულად იშოვებოდა, ცხოველურ პროდუქტზე ნებაყოფლობით უარის თქმა, გარკვეულწილად, მსხვერპლის გაღებას ნიშნავდა. ამიტომ რომში, დიდმარხვის წინა დღეებში, ანტიკური ტრადიციების თითქმის ზედმიწევნითი

დაცვით მართავდნენ ერთკვირიან სანახაობებს და მოედნებზე აპურებდნენ ხალხს.

ამ დღესასწაულს დღეს გამორჩეულად ზეიმობენ ვიარეჯოსა და ასტიში. თუმცა ყველაზე პომპეზურ სანახაობად, ტრადიციულად, ვენეციის კარნავალი მიიჩნევა, რომელსაც საფუძველი 1094 წელს, დოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო.

იმ დროიდან ვენეციის დოჟები საკარნავალო დღეებს ზეიმობდნენ დიდგვაროვნებისა და უცხოელი საპატიო სტუმრების გარემოცვაში. სხვადასხვა პერიოდში იმართებოდა თეატრალური სანახაობები: მაგალითად, მუსლიმებისა და ქრისტიანების ბრძოლა, რაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით სრულდებოდა; მავრიტანული ცეკვა – საცეკვაო ნომერი საბრძოლო ელემენტებით; ხარის განგმირვა დოჟების მოედანზე და მისი ხორცის განაწილება; თოკზე აკრობატულად გავლა და ტყვეთა შეწყალება.

კარნავალის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო კოსტიუმები და, ბუნებრივია, ვენეციის სავიზიტო ბარათებად ქცეული ნიღბებია. ვენეციაში ნიღბებით სიარული არა მხოლოდ საკარნავალო დღეებში, არამედ თითქმის ყველა გამორჩეულ დღესასწაულზე იყო შესაძლებელი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი შენიღბული სახით მისვლა ქალაქის მრავალრიცხოვან თეატრებშიც გახდა დასაშვები. ნიღბის გამოყენება მხოლოდ დასაოჯახებელ ქალწულებს ეკრძალებოდათ.

კარნავალის დღეებში ვენეციის ქუჩებში ყველაზე ხშირად კომედია დელ არტეს პერსონაჟების: პანტალონეს, არლეკინის, კოლომბინას ფორმებში გამოწყობილ ადამიანებს გადაეყრებით. თუმცა, იმ ადამიანებში, ვისაც სადღესასწაულო კოსტიუმებისთვის დიდი თანხების გადახდა არ ენანება, ყველაზე დიდი პოპულარობით, დიდებული და მისტიკური ვენეციური კოსტიუმი – ბაუტა სარგებლობს. ბაუტა ტრადიციული შავი მასიური მოსასხამისგან – ტაბაროსა და ნიღბისაგან შედგება. კაცების ნიღაბი თეთრი შეფერილობისაა და ლარვა ჰქვია, რაც თარგმანში მოჩვენებას ნიშნავს. ქალები კი უპირატესობას რუხი ფერის ოვალურ „მორეტას”

ანიჭებენ.

ბაუტა ვენეციელებს საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინათ ანონიმურობა და კარგად დაეფარათ არა მხოლოდ სახე, არამედ სქესიც. ეს ყველაზე შესაფერისი კოსტიუმი გახლდათ აკრძალული სასიყვარულო თამაშების დასაწყებად იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც სასიყვარულო ინტრიგებითაა სახელგანთქმული და რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანის სასიყვარულო თავგადასავალი უკავშირდება – დაწყებული კაზანოვათი, დამთავებული გაბრიელე დანუნციოსა და ელეონორა დუზეს რომანით. როგორც ამბობენ, ბაუტა გამორჩეულად უყვარდათ ახალგაზრდა ვენეციელ პატრიცებს და საკარნავალო დღეებში, მათ მღვდელმსახურებიც ხშირად მიმართავდნენ ფარული ვნებების დასამალად.

ისევე, როგორც ძველ დროში, დღესაც კარნავალის მონაწილეები არა მხოლოდ საზეიმო კოსტიუმებში ეწყობიან, არამედ სადღესასწაულო ოხუნჯობებსაც არ ივიწყებენ, რაც, ერთი შეხედვით, საპირველაპრილო ხუმრობებს მოგვაგონებს. თუმცა ზოგჯერ, სადღესასწაულო ოინებს არცთუ წარმატებული დასასრული აქვს. წლიდან წლამდე საკარნავალო ოხუნჯობებისთვის ისე ემზადებიან, რომ ხშირად სრულიად არასახუმარო საქციელსაც საზეიმო ოინად მიიჩნევენ, ანდა, პირიქით. ასეთი ხუმრობები ნახევარკუნძულებზე ბევრი ახსოვთ: მაგალითად, ქალაქ ბრინდიზის აეროპორტის თანამშრომელმა თებერვლის სუსხიან დღეებში ცრუ განგაში ატეხა, რომ აეროპორტი დანაღმული იყო. ევაკუაციის შედეგად, ათობით ადამიანმა დატოვა ტერიტორია, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა პოლიცია და, საბოლოო ჯამში, ოხუნჯი თანამშრომელი დააკავეს. როგორც ამბობენ, „იდიოტიზმის ბრალდებით”.

გასულ წლებში საკარნავალოდ გაავრცელეს განცხადება, რომ რომს ლეონარდო დი კაპრიო სტუმრობდა. შედეგად, ქალაქის ოთხივე გრანდ ოტელის წინ მზის ამოსვლისთანავე ასობით ადამიანი ჩამწკრივდა კერპის მოლოდინში. დი კაპრიოს დიდხანს ელოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. „ლეონარდო ალბათ მართლა რომშია, თორემ, აბა, რისთვის დგას ამდენი ხალხი აქ?” – იკითხა ერთმა გულუბრყვილო ფანმა და ეს კითხვა ოინის საყურებლად მისულმა ჟურნალისტებმა წამიერად შერაცხეს წლის ყველაზე სასაცილო საკარნავალო ფრაზად.

ამ დღეებში ტყუილ-მართლის გაგება მართლაც ჭირს. მაგალითად, ერთხელ ვენეციის სან მარკოს მოედანზე ახალგაზრდა ბიჭებმა ჯგუფურად ჩამოიარეს და მოულოდნელი ჩოჩქოლი ატყდა. ჯგუფს აღფრთოვანებული ტურისტები შემოეხვივნენ, რომ ფოტოები გადაეღოთ ამ „სრულყოფილი ოხუნჯებისთვის”, რომლებსაც საოცრად მოხდენილად მოერგოთ სამხედრო საკარნავალო კოსტიუმები. სინამდვილეში კი ეს „ოხუნჯები” კადეტთა კორპუსის სრულიად სერიოზული თანამშრომლები გახლდნენ, გამოწყობილნი სამუშაო ფორმაში, თუმცა ამ ფაქტით თავად ყველაზე მეტი იხალისეს და მშვენივრადაც იპოზიორეს კამერების წინ.

ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, 1797 წლიდან, ამ ქალაქში კარნავალი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე აღარ უზეიმიათ. მხოლოდ 1979 წელს, ვენეციის მცხოვრებთა ძალისხმევით, პლანეტის ყველაზე რომანტიკულ ქალაქში ორი საუკუნის თავზე აღდგა ყველაზე პომპეზური დღესასწაულის ტრადიციები.

დღეს, ვენეციის კარნავალს, გარდა მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტებისა, ცნობილი სპონსორები ჰყავს და მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები აშუქებენ. სხვადასხვა წლებში საკარნავალო ღონისძიებები ჯაკომო კაზანოვას, კარნავალების ცნობილ ოსტატს – ფედერიკო ფელინისა თუ აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას მიეძღვნა. 2013 წლის პროგრამაც უკვე მზადაა და უწინდებურად მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება მონაწილეებს: სხვადასხვა კუნძულებზე გაიმართება ყინულზე სრიალი, კონკურსები საუკეთესო ნიღბებისა და კოსტიუმების გამოსავლენად, კამერული და პოპმუსიკის კონცერტები თუ თეატრალური საღამოები. საზეიმო პერიოდი 26 იანვარს იწყება და 12 თებერვლამდე გასტანს.

 

კომენტარები