თბილისის მერმა გიგი უგულავამ პოლიციაში მოწმის სახით გამოძახებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გამომძიებლებს მერიაში ელოდება და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
"8 თებერვლის დილიდან მთელი დღის განმავლობაში იკვეთებოდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან პროვოკაცია იგეგმებოდა. ყოველივე ამის ფონზე, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ბატონი ღარიბაშვილი გამოდის უკვე მზა პოსტულატებით, ვერსიებით, ბრალდებებით და მოგვიხსენიებს პროვოკატორებად, რითიც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, მაშინ როდესაც მე მოწმის სტატუსით ვარ დაბარებული. ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება ობიექტური. ეს ის გამოძიებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელის ხელის დარტყმისთვის ყოფილ პატიმარს ასლარიანი ჯარიმა შეუფარდეს და ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პირი, რომელმაც დეპუტატ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს გამოძიებისთვის ჩემი შეთავაზება, ვინაიდან ამ შეთავაზებით, ჩემი აზრით, სავსებით კეთილგონიერად ისარგებლა საქართველოს პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, როდესაც სხვა საქმესთან დაკავშირებით, ჩემი დაკითხვა თბილისის მერიაში განახორციელეს. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ცდილობს თავისი საქმიანი უსუსურობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა "გულადი" საქციელით გადაფაროს, რომ ის პრინციპულია ქალაქის მერისა და დეპუტატების მიმართ და რომ თითქოს შეუძლებელია, ჩვენი დაკითხვა სხვა ადგილას განხორციელდეს.", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ძიებამ 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარა. თბილისის მერი პოლიციაში დასაკითხად არ მისულა.





