საჯარო სამსახური

ირაკლი კოტეტიშვილი: საჯარო სამსახური ვალდებულია კონკურსი გამოაცხადოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ სხდომაზე, ''სამსახურში ნათესავების აყვანის შესახებ'' ისაუბრა. ნადირაშვილის თქმით, ქართული ოცნების სათავეში მოსვლის შემდეგ, თითქმის აღარ ტარდება კონკურსები და ადამიანები სამსახურში იმ ნიშნით აჰყავთ, თუ "რა თვალით უყურებს მათ პრემიერი ან უმრავლესობის ლიდერი''.

"ეს მე არ მიკვირს, რადგან პრემიერმა გუშინ აგვიხსნა, რომ ეს ქართული ხასიათის გამოვლინება ყოფილა. ეს მე არ მიკვირს, რადგან გვაცნობა, რომ არ იცის, რა სხვაობაა ტენდერსა და კონკურსს შორის. მე შევეცდები ავუხსნა. ტენდერია, როდესაც ლუკოილში ტენდერს მანანა კობახიძის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იგებს და ყველა სახელმწიფო უწყებას ექსკლუზიურად აწვდის საწვავს. კონკურსია, როდესაც ადამიანს აიყვან სამსახურში მისი პირადი თვისებების და დამსახურებისთვის და არა იმიტომ, ვისი ნათესავია და ოჯახის წევრი. ტენდერით აყვანილმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კონკურსის გარეშე მიიყვანა შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსად თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში დამლაგებლებსაც არ იღებენ თამაზაშვილის გარეშე'', - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ასევე იშოვეს სამსახურები ირაკლი ღარიბაშვილის დამ და მეუღლემ, მანანა კობახიძის დამ კი, აფხაზეთის მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას ქმარი პროკურატურაში დასაქმდა, ხოლო მაია ფანჯიკიძის შვილი ენერგეტიკის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

''დიდი ზრუნვა გამოავლინა ნათესავების მიმართ მურმან დუმბაძემაც", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

ორი კვირის წინ მედიაში 30-კაციანი სია გამოქვეყნდა, რომელთაც ნათესაობა ან ახლო მეგობრობა აკავშირებთ პარლამენტის ვიცესპიკერ მურმან დუმბაძესთან და სხვადასხვა თანამდებობებზე არიან დანიშნული.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სპეციალისტების ნაცნობებში მოძიება" მისთვის მიუღებელი ფორმა არ არის. მისივე თქმით, ეს ნორმალურია და "მხოლოდ სივი საკმარისი არ არის", თუმცა ამას სისტემური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

ტაბულა კომენტარისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს, ირაკლი კოტეტიშვილს დაუკავშირდა.

''კანონის მიხედვით, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი, თუკი მას სურს კადრის შერჩევა. ეს არის ცალსახა და წერია კანონში საჯარო სამსახურის შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ, ხელისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის, ესეც პირდაპირ წერია კანონში. განცხადება უნდა განთავსდეს ვებსაიტზე www.hr.gov.ge , სადაც 50 ათასზე მეტი სამსახურის მაძიებელია დარეგისტრირებული. ამის შემდეგ უნდა გადაირჩეს რეზიუმეები და საუკეთესო აპლიკანტებისთვის ჩატარდეს გასაუბრება თუ სხვა ტიპის კონკურსი. მხოლოდ ასეთი პროცედურების შემდეგ უნდა შეირჩეს სასურველი აპლიკანტი'', - განაცხადა ირაკლი კოტეტიშვილმა.

 

 

 

კომენტარები