სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა რუსულ მედიასთან საუბრისას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას სომხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილა თუ არა სარქისიანმა ქართველ კოლეგასთან საუბრისას აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი, სარქისიანმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი იყო და ის გაახარა ივანიშვილის პოზიციამ, მისმა დაინტერესებამ, გადაჭრას ეს პრობლემები.
"აზერბაიჯანსა და თურქეთს ჩვენი საზღვრები ბლოკირებული აქვთ. საერთაშორისო სანქციები ართულებენ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას ირანთან და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით სარკინიგზო გზის აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას, ჩვენ გვერდი ვერ ავუარეთ ამ საკითხს. ჩვენ შორის ძალიან გულახდილი საუბარი შედგა და არ ყოფილა საკითხი, რომელზეც ორმხრივად ვერ შევთანხმდით ან ჩვენი პოზიციები ახლოს არ ყოფილიყო ერთმანეთთან. რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოც დაინტერესებულია. ცხადია, არსებობს უამრავი გადასაწყვეტი საკითხი, რომელსაც უცბად ვერ გადაჭრი", - აღნიშნა სარქისიანმა.
რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის გავლით გახსნაზე უკანასკნელი განცხადება პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას გააკეთა. ივანიშვილის თქმით, რკინიგზის აღდგენა მას შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა საკითხის მოგვარება მარტივი არ იქნება რუსეთთან და "აფხაზ ძმებთან" არცთუ ისე ადვილი ურთიერთობების გამო. პროექტის განხორციელებისადმი ინტერესი გამოხატა სომხურმა მხარემაც.
ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, რკინიგზის გახსნის საკითხის დეოკუპაციის გარეშე განხილვა "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული" აქტია.
აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ შეწყდა. 2004 წელს რუსეთმა სარკინიგზო მიმოსვლა შექმნა სოჭსა და სოხუმს შორის. 2004 წლის ბოლოს კი სეპარატისტულ რეგიონთან რკინიგზა სოჭი-სოხუმის მონაკვეთზე გახსნა.