თბილისის მერია

თბილისის მერია შსს-ს ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის გახსნას სთხოვს

თბილისის მერიამ წერილით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მას კანონოთ დაკისრებული მოვალეობების გატარება მოსთხოვა, რათა დროულად აღდგეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა.
"როგორც ცნობილია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი გზა უკვე სამი დღეა გადაკეტა. აღნიშნული პოლიგონი ერთადერთია ქალაქში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება ნარჩენების განთავსება. გზის გადაკეტვით, სპეციალური ტექნიკის პოლიგონის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ქალაქის დასუფთავებასა და სხვადასხვა უბნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ყოველივე ეს აზარალებს თბილისის მოსახლეობას და ქალაქში სანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
გუშინ, 30 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დედაქალაქი სანიტარული კოლაფსის წინაშეა. უკვე რამდენიმე დღეა მოსახლეობას გადაკეტილი აქვს მისასვლელი გზა  ნარჩენების მიმღებ ერთადერთ პოლიგონთან.
"შესასვლელში დადგმულია რამდენიმე კარავი. ესეც ორკესტრირდება საკრებულოს ოცნების წევრი ქალბატონის მიერ და, პრაქტიკულად, მილიონნახევრიანი ქალაქი მძევლადაა აყვანილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ რის ვაი-ვაგლახით ვაგრძელებთ ამ სისტემის უზრუნველყოფას, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა, სამწუხაროდ, სატრანსპორტო კოლაფსის პარალელურად შეიძლება მივიღოთ სანიტარული პრობლემები და ის საგიჟეთი, რაც ქვეყანაში ხდება, გადმოედოს ქალაქს", - განაცხადა უგულავამ.

კომენტარები