ჰომოფობია

ირაკლი ვაჭარაძე: ვიდეომასალა ადამიანების ამოსაცნობად საკმარისია

LGBT ორგანიზაცია ”იდენტობის” წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე ტაბულასთან საუბარში იმ რისკებზე საუბრობს, რაც შესაძლოა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს მოჰყვეს.

”გამოქვეყნებული ვიდეომასალა საკმარისია იმისათვის, რომ ფირზე აღბეჭდილი ადამიანების ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თუნდაც საკუთარმა პარტნიორებმა ამოიცნონ. ამ შემთხვევაში საქმე ორმაგ მსხვერპლთან გვაქვს:

1. ფირზე აღნიშნულმა კლიენტებმა შესაძლოა შური იძიონ, მათ შორის ფატალურად, იმ სექს მუშაკებზე, ვინც ამ კადრებში ფიგურირებს.

2. მრავალი სექს მუშაკი ეკონომიკური შეჭირვებისა თუ სხვა ფაქტორის გამო ეწევა ამ საქმიანობას და დღის განმავლობაში შესაძლოა სწავლით ან სხვა სამუშაოს შესრულებით იყოს დაკავებული. ასევე მათ შეიძლება ჰყავდეთ ოჯახები. აღნიშნული მასალა საკმარისი იქნება ამ პირთა პირადი ცხოვრების დასანგრევად.

3. ის კლიენტები, რომლებიც, როგორც წესი, ღიად ვერ აღიარებენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ ხშირად MSM (კაცები, რომლებსაც კაცებთან აქვთ სქესობრივი ურთიერთობა) უწოდებენ. MSM კაცი შესაძლოა იყოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო პირი, რომელიც საზოგადოებაში გამეფებული ჰომოფობიური დამოკიდებულების თუ სხვა მოტივის გამო, ვერ მოახდენს, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, თავის იდენტიფიცირებას ლგბტ პირად. გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა მათ ეს ანონიმურობა დაურღვია, რითაც მათ შესაძლოა გამოუსწორებელი ფსიქიკური, ემოციური თუ მატერიალური ზიანი მიადგეთ”, - აცხადებს ვაჭარაძე.

სახელმწიფოს მიერ ჰომოსექსუალი მამაკაცების შანტაჟზე ვაჭარაძე კომენტარს აკეთებს.  

”შეფასება ცალსახა, მოკლე და მკვეთრი მექნება: დანაშაულია სახელმწიფოს ხელშეწყობით მოქალაქეების წინააღმდეგ მსგავსი ტერორის როგორც დაგეგმვა, ისე ამ გზით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება.

ჩემთვის მსგავსი პრაქტიკის შესახებ მრავალი წელი გადმოცემით იყო ცნობილი. თუმცა, 2012 წლის ზაფხულში ”იდენტობის” რამდენიმე ბენეფიციარმა თავად განმიცხადა დაახლოებით იმავე შინაარსის ინფორმაცია, რაც დღეს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ამოვიკითხე. კერძოდ, საუბარი იყო გაურკვეველი პირების მიერ კომერციული სექს მუშაკებისთვის ბინის დაქირავების და იქ კამერების დაყენების შეთავაზებაზე. უარის, ან ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, მათ "აორთქლებით" ემუქრებოდნენ. ბუნებრივია, ჩვენ ყველა დაზარალებულ პირს ვთავაზობთ, პოლიციისა და პროკურატურისათვის მიმართვას, თუმცა ასევე ბუნებრივია ის, რომ არცერთ პირს არ გამოუხატავს სურვილი, ეს სერვისი გამოეყენებინა. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ კომერციული სექს მუშაკები, რომლებიც ე.წ. პლეშკებზე დგანან, ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი და ეკონომიკურად შეჭირვებულები არიან. რამდენიმე კვირის წინ, ერთი ასეთი პირის მკვლელობის შესახებაც გახმაურდა. ამ გარემოებების, დაზარალებულ პირთა მხრიდან კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნისა და იმის გამოც, რომ ვერცერთი მტკიცებულება ხელთ ვერ გვექნებოდა, "იდენტობას" ამ ძალადობის შესახებ არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის”, - განუცხადა ტაბულას LGBT ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

 

 

კომენტარები