არჩევნები სომხეთში

სომხეთს აქვს უფლება, მომავალი თავად განსაზღვროს – სახდეპი არჩევნებში ჩარევის ცნობებზე

Getty Images

რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე აღნიშნა, რომ აშშ "მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, მათ შორის, სომხეთის უფლებას, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობები განსაზღვროს". 

სახდეპმა სომხეთის არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ცნობების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომ სომხეთის მომავალი მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.

"ჩვენ ვიცით მედიაში გავრცელებული ცნობებზე სომხეთის პოლიტიკურ პროცესში უცხოური ჩარევის შესახებ. სომეხ ხალხს აქვს უფლება, რომ საკუთარი მთავრობა თავად აირჩიოს და საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს". - თქვა სპიკერმა RFE/RL-ის მიხედვით.

გარდა ამისა, გამოცემის მიხედვით, სახდეპმა ასევე ხაზი გაუსვა ერევანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) პროექტის მნიშვნელობას, რომლის შესახებ სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას აშშ-მ და სომხეთმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს.

"როგორც ერევანში სახელმწიფო მდივნის ბოლოდროინდელი ვიზიტი აჩვენებს, TRIPP სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებისთვის საკვანძო და გრძელვადიანი მნიშვნელობისაა". - თქვა სახდეპის სპიკერმა გამოცემასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ხოლო რუსეთმა სომხეთის წინააღმდეგ რიგი სავაჭრო შეზღუდვები დააწესა. რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ სავაჭრო შეზღუდვებს ეკონომიკური იძულების საშუალებად ხშირად იყენებს.

შეზღუდვები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად ცდილობს დასავლეთის ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ტენდენციით მოსკოვი უკმაყოფილოა. ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს გავლენა იქონიოს სომხეთში მოახლოვებულ არჩევნებზე. კრემლმა ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აქამდე განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება, მოსკოვი ერევანთან ეკონომიკურ ინტეგრაციას შეწყვეტს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სომხური პროდუქციის შესყიდვას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს.

2 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის შეთანხმებით რუსეთი "ნაკლებად კმაყოფილია" და "მარშრუტში" ამერიკის ინტერესებზე ისაუბრა.

"ღია წყაროებიდანაც საკმაოდ კარგად ჩანს, რომ იქ ჩვენი ჩართულობით რუსები ნაკლებად კმაყოფილი არიან [...] ცხადი რომ იყოს, ჩვენ იქ არ ვართ სომხეთის სუვერენიტეტის დასარღვევად. ჩვენ მათ არ ვთხოვთ, რომ სხვა ქვეყნებთან არ იმეგობრონ. ჩვენ გვსურს მათთან ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მშვიდობაზე არ იქნება დაფუძნებული - მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლითაც ისარგებლებენ ამერიკული კომპანიები და ამერიკელი მუშები, მაგრამ ამ დერეფნის გახსნით საბოლოო ბენეფიციარები სომხები იქნებიან". - ამბობს რუბიო.

კომენტარები