პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე საქართველოს საპატრიარქოში, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ.
პატრიარქის შეფასებით, მომხდარი ისტორიულია: "გუშინ საღამოს მოხდა ისეთი ფაქტი, როგორიც 2000 წლის მანძილზე არ ყოფილა. სამმა პატრიარქმა დალოცა ახალი წელი და საქართველო. კიდევ ერთი შესანიშნავი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ ერთმანეთს და საქართველოს მომავალზე ისაუბრეს. ეს იყო გამოვლინება სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის".
შეხვედრაზე პრემიერმა ივანიშვილმა სადღეგრძელო წარმოთქვა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა. "მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ახლა დადგა ახალი წელი. მე ვისურვებდი, რომ 2013 წელი სიყვარულის წელი ყოფილიყოს საქართველოში. ეს ყოფილიყოს ჭეშმარიტად გაგრძელება იმ გზისა, რომელიც დააფუძნა მისმა უწმინდესობამ და რომელმაც მოახერხა სასულიერო ცხოვრებაში ჭეშმარიტად დიდი აღმშენებლობა და დიდი სიყვარული დაეფუძნებინა. ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, ავიტაცოთ ის დიდი სიყვარული, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ", - განაცხადა ივანიშვილმა.





