ამნისტია

ღარიბაშვილი: ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესესებას არ დაუშვებს. ამის შესახებ განცხადება მან სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა, სადაც პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით აღვლენილ საკვირაო ლიტურგიაზე იმყოფებოდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, "ამნისტიის კანონი ძალიან მკვეთრად გაცხადებული ჰუმანური ჟესტია ჩვენი ახალი მთავრობისა. ამავდროულად, არსებობდა გარკვეული საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გაზრდილიყო კრიმინალი, დაძაბული სიტუაცია, მაგრამ მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტრო, მთლიანად პოლიცია აბსოლუტურად მობილიზებულია. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და არ დავუშვებთ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას. ეს არის უნიკალური შანსი ამ ადამიანებისთვის, რათა მოხდეს მათი სრული რეინტეგრაცია საზოგადოებაში".

დღეს სამების საკათედრო ტაძარში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა ნაწილიც გავიდა. 190-მა ადამიანმა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრად გამოაცხადა, საპატიმროები უკვე დატოვა.

 

კომენტარები