ირაკლი ოქრუაშილი

ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. ჯეოსელის საქმეზე ბრალი მოეხსნა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. ჯეოსელის საქმეზე ბრალი მოუხსნა. 

დღეს გამართულ პროცესზე პროკურატურამ ბრალის მოხსნის შუამდგომლობა ოქრუაშვილის მიმართ არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით დააყენა. 

"საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები მხოლოდ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ოქრუაშვილს დანაშაულებრივი ქმედება აქვს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ვარაუდი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ოქრუაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას 2008 წლის 28 მარტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. ჯეოსელის ეპიზოდში, ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ქრთამის გამოძალვას გულისხმობს. ამ საქმეზე ოქრუაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც საქმის განხილვისას მთავარმა მოწმემ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ''სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა''. 

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილისთვის კიდევ ერთი ბრალდების მოხსნის შესახებ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისხლის სამართლებლივი დევნის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ მიქაბერიძემ, ორი დღის წინ ისაუბრა.

კომენტარები