ევროკავშირი

ევროკავშირში სეპარატისტული მისწრაფებები მატულობს

კატალონიელ სეპარატისტთა ლიდერი არტურ მასი

ეკონომიკური დაღმავლობის კვალდაკვალ, ევროზონაში სეპარატისტული სენტიმენტები მატულობს. ევროპა არა მარტო ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დონორებსა და დახმარების მიმღებებს შორისაა გაყოფილი, არამედ ქვეყნების შიგნით, რეგიონულ დონეზეც. გამოყოფის მოთხოვნა აქტიურად გაისმის კატალონიაში, შოტლანდიასა და ფლანდრიაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონის და შოტლანდიის პირველი მინისტრის, ალექ სალმონის ოქტომბრის ედინბურგის შეთანხმებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. „შეთანხმება თვითმმართველობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განაცხადა სალმონმა. კატალონიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტის, არტურ მასის მიერ რეფერენდუმის მოთხოვნას კი მადრიდში წინააღმდეგობით ხვდებიან.

25 ნოემბერს კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც გამოყოფის მომხრე ოთხმა პარტიამ ადგილთა 60 პროცენტი მოიპოვა. წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე მთავარ პარტიას – კონვერგაცია და კავშირს (CiU) ხმათა 60 პროცენტი უნდა მოეპოვებინა და ოთხივე პარტიას ერთად ხმების 2/3 დაეგროვებინა. არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო რაოდენობა მივიდა, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც დამოუკიდებლობის გზისკენ გადადგმული ნაბიჯი. ოქტომბერში გამართულ სამშვიდობო მარშში კატალონიაში 1,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც მოსახლეობის 8 პროცენტს შეადგენს. მსვლელობის დევიზი იყო „კატალონია – მომდევნო დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში”.

სეპარატისტული განწყობები მატულობს ბელგიის ფლანდრიის ნაწილში. ფლანდრიელებს სურთ გამოეყონ ფრანგულად მოსაუბრე სამხრეთს. მთავარი პარტია, რომელიც ამ იდეას ახმოვანებს, არის ვლაამს ბელანგი (ითარგმნება, როგორც ფლანდრიული ინტერესი). ფლანდრია ბელგიის ტერიტორიის მხოლოდ მესამედს მოიცავს, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს გამოიმუშავებს.

ერთ-ერთი შოტლანდიური გამოცემის მიხედვით, ამ პოლიტიკური ერთეულებისთვის „ეს არ იყო მხოლოდ ცუდი ქორწინება [ცენტრთან], ეს იყო თავსმოხვეული ქორწინება, რომლის ატანაც შესაძლებელი იყო მანამ, სანამ ფული მოედინებოდა”. დღეს ფულის დინებამ იკლო, ევროკავშირი მკაცრი საბიუჯეტო ზომების მიღებას იწყებს და რეგიონებმაც გადაწყვიტეს, რომ ცენტრისგან განცალკევების შემდეგ საკუთარი თავის რჩენა გაუადვილდებათ.

ეს საკითხი მწვავედ დგას ესპანეთის წინაშე, რომელსაც ეკონომიკის გადასარჩენად ევროკავშირის მიერ შეთავაზებული საბიუჯეტო ზომების მიღება მოუწევს. ესპანეთის ეკონომიკური წარმოების 19 პროცენტი კატალონიაზე მოდის და ქვეყნის

კატალონიელ სეპარატისტთა ლიდერი არტურ მასი
ყველაზე მდიდარი ნაწილია. ერთი შეხედვით, ამ უკანასკნელის გამოყოფა მის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან ესპანეთის მეშვეობით ხდება და კატალონია ეკონომიკურად მჭიდროდაა დაკავშირებული ცენტრთან, განქორწინება არც ისე ადვილი იქნება.

კატალონიელების მსგავსად, შოტლანდიელებსაც სურთ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის და გაზის მარაგის 90% საკუთარი სურვილის შესაბამისად განკარგონ, თუმცა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ამ ტერიტორიულ წყლებში ინვესტიციები ჩადო, ამაზე არ დათანხმდება.

სამივე პროვინციას საერთო მისწრაფება აერთიანებს, თუმცა მათ, მსგავსებასთან ერთად, ბევრი რამ განასხვავებთ. პარლამენტის მიერ 1998 წელს მინიჭებული ძალაუფლებებით, შოტლანდია ბრიტანეთის საზღვრებში ნახევრად დამოუკიდებელია. მისი სასამართლო, საგანმანათლებლო და რელიგიური სისტემებიც ბრიტანულისგან დამოუკიდებელია.1707 წელს ინგლისთან გაერთიანებული სამეფოს შესაქმნელად შოტლანდია პოლიტიკურ კავშირში შევიდა და ლონდონსა და გლაზგოს შორის ეს 307-წლიანი კავშირი შეიძლება ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დამთავრდეს. თუმცა, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტს სურს შოტლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 58 პროცენტი უარყოფითად არის განწყობილი.

კატალონიაში მოსახლეობის 53 პროცენტი ემხრობა გამოყოფას, თუმცა დანარჩენი წინააღმდეგ ან ნეიტრალურად არის განწყობილი. კატალონიას ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1978 წლის კონსტიტუციით, ფართო ავტონომია მიენიჭა. ფრანცისკო ფრანკოს მიერ კატალონიური ენისა და კულტურის რეპრესირებამ უკუშედეგი გამოიღო და ნაციონალისტური მისწრაფებების ზრდა გამოიწვია. დღეს კატალონია განკარგავს საკუთარ სამართალდამცავ, განათლების თუ ჯანდაცვის სისტემას. ერთადერთი უფლება, რაც ავტონომიურ რეგიონებს არ გააჩნიათ, გადასახადების აკრეფაა. კატალონიელებს სურთ, რომ საკუთარი გადასახადები თავად აკონტროლონ და ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში მათი შენატანის არაპროპორციულ გადანაწილებას აპროტესტებენ. ყოველწლიურად, ესპანეთის ბიუჯეტში გადახდილი 16 მილიარდი ევროდან, კატალონია ეკონომიკური აქტივობის 8 პროცენტს კარგავს.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიას საპასუხოდ მიანიშნა, რომ მადრიდი არ დათანხმდება რეგიონის განცალკევებას და ესპანეთის პარლამენტი მათ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე კატალონიელებს რეფერენდუმის ჩატარება და დამოუკიდებლობის გამოცხადება არ შეუძლიათ, რის გამოც არტურ მასს, კატალონიის პრემიერს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სურს. მადრიდი ამას ეწინააღმდეგება და შიშობს, რომ კატალონიის გამოყოფას ბასკეთისა და გალისიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვება.

კატალონიის მოსახლეობის 40 პროცენტი ესპანური წარმოშობისაა. მათი უმრავლესობა თავს ესპანელად მიიჩნევს. ამას ემატება მილიონამდე ემიგრანტი, რომელთათვისაც კატალონიური იდენტობა უცხოა.

შოტლანდიისა და კატალონიისგან განსხვავებით, ფლანდრია რეფერენდუმისთვის არ იბრძვის. იქ ადგილობრივ ხელისუფლებას ავტონომიის გაზრდა სურს, რაც განიხილება, როგორც ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ფლანდრიაში 2010 წლის ფედერალურ არჩევნებში ფლანდრიელთა ხმების 28% და ნაციონალურ დონეზე 17% მოიპოვა ბერტ დე ვევერის ახალმა ფლანდრიულმა ალიანსმა, რომელიც ალექს სალმონის შოტლანდიური ნაციონალური პარტიის და არტურ მასის CiU-ს მსგავსად, ცენტრისგან გამოყოფის მომხრეა.

ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ისტორიული და კულტურული წარსულიც ეხმიანება. სალვადორ დალისა და ანტონიო გაუდის სამშობლო ესპანეთისგან ტრადიციებითა და ენით განსხვავდება, თუმცა მას, როგორც სახელმწიფოს, ესპანეთისგან დამოუკიდებლად არასდროს უარსებია. კატალონიის მცხოვრების, მარია სოლეს თქმით, ის თავს კატალონიელად მიიჩნევს. ისევე, როგორც ფრანგი ფრანგად. მადრიდის მოსახლეობას კი მიაჩნია, რომ გამოყოფა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და ისეთ საკითხებსაც კი შეეხება, როგორიც საფეხბურთო ლიგაა.

ჰოლანდიურად მოსაუბრე ფლანდრიას ფრანგულენოვანი ვალონიისგან ენა განასხვავებს. კულტურული სხვაობა შოტლანდიელებსაც აძლევს საშუალებას, მოითხოვონ დამოუკიდებლობა, რასაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული ხელისუფლება ეწინააღმდეგება.

ცენტრისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნის კვალდაკვალ, შოტლანდიელები, კატალონიელები და ფლანდრიელები ევროკავშირთან ერთობის სურვილს გამოთქვამენ. „ევროკავშირი მზად უნდა იყოს მისივე საზღვრებში სახელმწიფოების გაყოფისთვის”, – განაცხადა არტურ მასმა. ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, რომ ყოველმა ახალმა სახელმწიფომ თავიდან უნდა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს გულისხმობს, რომ მომდევნო დამოუკიდებელ სახელმწიფოს, იქნება ეს შოტლანდია, კატალონია თუ ფლანდრია, 27-ივე წევრის მხარდაჭერა დასჭირდება. თუკი შოტლანდია იქნება პირველი, მის განაცხადს, დიდი ალბათობით, ესპანეთი დაადებს ვეტოს, რათა არ დაუშვას პრეცედენტი, რაც კატალონიურ ნაციონალიზმს წაახალისებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირმა ერთხელ უკვე შეუწყო ხელი სეპარატიზმს, როდესაც მხარი დაუჭირა კოსოვოს გამოყოფას.

იმას, დარჩებიან თუ არა ეს ერთეულები ევროკავშირში, მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა, დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობის ცვლაც გამოიწვიოს. ამ სამივე პოლიტიკური სუბიექტის ვაჭრობა ევროკავშირთან, ცენტრის მიერ რეგულირდება, რაც განცალკევების პროცესს გაართულებს.

საერთო სარგებლის გარდა, ქვეყნებს საერთო ვალდებულებების დანაწილებაც მოუწევთ. მაგალითისთვის, შოტლანდიას გაერთიანებული სამეფოს საჯარო ვალის ნაწილი დაეკისრება. დღეს საჯარო ხარჯების 10 პროცენტი შოტლანდიაზე მოდის, რაც გულისხმობს, რომ გამოყოფის შემთხვევაში, გლაზგოს ვალის დაფარვა ხარჯების პროპორციულად დაეკისროს. გარდა ამისა, ევროკავშირში შესვლის ერთ-ერთი კრიტერიუმი ევროზე გადასვლაა, ხოლო შოტლანდიელებს გირვანქის შენარჩუნება სურთ, რაც შესაძლოა დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ერთი შეხედვით, კატალონიის ეკონომიკა ესპანეთისაზე ძლიერი გვეჩვენება, თუმცა ევროკავშირის და ევროს დატოვება მასაც სავალალო შედეგებს მოუტანს. რეგიონული მთავრობა ვალებშია ჩაფლული და ევროპის სამაშველო ფონდების ფინანსური დახმარება მისთვის სასიცოცხლოა. გარდა ამისა, Credit Suisse-ს კვლევის მიხედვით, გამოყოფის შემთხვევაში, კატალონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 20%-ით დაიკლებს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ნაციონალისტური რიტორიკა და გამოყოფისკენ სწრაფვა ხრიკია დამატებითი ფინანსების

მოსაპოვებლად და დევოლუციის (დეცენტრალიზაციის) დონის ასამაღლებლად.

ქვეყნის შიდა დაპირისპირებების ზრდა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, კრიზისში ჩაძირულ ევროკავშირს უფრო დაასუსტებს. მისი შექმნიდან დღემდე, ამ ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო არ შექმნილა. რომელიმე სახელმწიფოს დაშლამ შესაძლოა დომინოს ეფექტი გამოიწვიოს და ევროპის პოლიტიკურმა რუკამ ცვლილებები განიცადოს.

სახელწოდება კატალონია (Catalunya), ერთი ვარაუდით, მომდინარეობს ტერმინიდან „ციხეთა მიწა”. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება კარლოს დიდის მიერ მდინარე ებროს ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაკავებას, რის შემდეგაც მან ბარსელონის საგრაფო შექმნა. ამ მიწებს Marca Hispanica ეწოდებოდა და წარმოადგენდა ბუფერულ ზონას ომაიანი მავრების ალ-ანდალუზსა და ფრანკთა სამეფოს შორის. საგრაფოს გაძლიერების და ჩამოყალიბების კვალდაკვალ მათი კავშირები ფრანკ ფეოდალებთან დასუსტდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კაპეტინგების დინასტია კაროლინგებმა შეცვალეს. 987 წელს ბარსელონამ არ აღიარა ჰუგო კაპეტი, რამაც ბარსელონის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაამყარა.

მე-12 საუკუნეში საგრაფო გაერთიანდა არაგონიის სამეფოსთან, როდესაც რამონ ბერენგერ IV-მ ბარსელონის საგრაფოდან იქორწინა დედოფალ პეტრონელა არაგონელზე. თუმცა ფრანკებს კატალონიის სამთავრო არაგონის სამეფოს შემადგენლობაში 1258 წლამდე არ უღიარებიათ. 1258 წელს, კორბეილის შეთანხმებით, კატალონიის სამთავრო ჯეიმს I არაგონელს, რამონ ბერენგუერის შთამომავალს, გადაეცა.

ბარსელონა 1500 წლამდე არაგონის სამეფოს ნაწილი იყო. მე-16 საუკუნის დასაწყისში გაერთიანდა კასტილიის სამეფოსთან და შექმნა ესპანეთის სამეფო. ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომის დაწყებამდე (1701-1714) ბარსელონის სამეფო ინარჩუნებდა საკუთარ იურისპრუდენციას, თავად კრეფდა გადასახადებს და სარგებლობდა პრივილეგიებით.

კატალონიის პარლამენტი, რომელიც XI საუკუნეში შექმნა, ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. პირველი კატალონიური კონსტიტუცია მომდინარეობს ბარსელონის სასამართლოებიდან და თარიღდება 1283 წლით. უკანასკნელი მათგანი გამოცემულია სასამართლოს მიერ 1702 წელს. კონსტიტუციის შინაარსი და გათვალისწინებული უფლებები რომაულ ტრადიციას ეფუძნება.

სეპარატისტების მტკიცებით, კატალონიის დამოუკიდებლობის პირველი პრეცედენტი 1641 წელს გამოცხადებული კატალონიის რესპუბლიკაა. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და რესპუბლიკამ მალევე დაასრულა არსებობა. კატალონიამ თავი რესპუბლიკად ოთხჯერ გამოაცხადა, პირველად 1641 წელს პო კლარისის მიერ საფრანგეთის დახმარებით, შემდგომ 1873 წელს ესტანისლაუ ფიგუერას მიერ. მოგვიანებით, 1931 წელს, ფრანჩესკ მასიიას მიერ გამოცხადდა, როგორც იბერიული ფედერაციის ნაწილი, 1934 წელს კი, ლიუის კომპანისის მიერ – როგორც ესპანეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალი კატალონიური სახელმწიფო. პირველი პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეას ემხრობოდნენ, 1920-იან წლებში შეიქმნა. თანამედროვე სახით კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობა 60-იან წლებში ჩამოყალიბდა.

 

 

 

კომენტარები