საბავშვო ბაღებში საფასურის გაუქმებას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა არ ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, თავად დედაქალაქი ბაღების ფინანსურ უზრუნველყოფას შეძლებს. ქაცარავას თქმით, "ამ მხრივ საფიქრალი რეგიონებია".
ქაცარავა ბაღებში გარკვეული საფასურის დაწესებას "სამართლიან პრინციპად" მიიჩნევს და ამბობს, რომ უმჯობესია, ამ თვალსაზრისით უპირატესობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიენიჭოთ.
თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ინიციატივის ავტორს, დეპუტატ თინათინ ხიდაშელს არც იმაში ეთანხმება, რომ ბაღებში ფასის დაწესება კონტიტუციას ეწინააღმდეგება და განმარტავს, რომ "სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება მხოლოდ საშუალო განათლების უზრუნველყოფაა და არა - სკოლამდელი აღზრდა".
საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა თინა ხიდაშელმა მოამზადა. თბილისში მუნიციპალური საბავშვო ბაღები ფასიანი 2012 წლიდან გახდა.





