ფოკუსი

მაია ფანჯიკიძე: ცოტა გასაკვირია ასეთი საყვედური ჩვენ მიმართ

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაია ფანჯიკიძის კომენტარი. მან განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „კრიმინალები და დამნაშავეები არიან”. ბრალს და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს”, – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და რომელსაც ხუთი ამერიკელი სენატორი აწერს ხელს.

ჯინ შაჰინი, ჯო ლიბერმანი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი, ქალბატონი ფანჯიკიძის Foreign Policy-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ აღაშფოთა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი მხრივ იმას ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლება ძველი მთავრობის მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის დაცვით წარმართავს, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავეებად და კრიმინალებად მოიხსენიებს მათ, ვისი ბრალიც ჯერ სასამართლოს არ დაუდგენია.

ამერიკელი სენატორების გარდა, საყვედური ქალბატონ ფანჯიკიძეს შეერთებული შტატების ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც ერგო: „Financial Times, New York Times, Washington Post, Weekly Standart… პრესა სულელი არ არის, როგორც მოგეხსენებათ. გთხოვთ, ჩვენი კრიტიკა მეგობრის რჩევად აღიქვათ. ამერიკას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, სრული უფლება აქვს კითხვები დასვას. სხვა რომ არაფერი, ამერიკის არსებობის მანძილზე, ერთ სულ მოსახლეზე გაცემულ დახმარებებს შორის საქართველო პირველ ადგილზე დგას”, – განუცხადა მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს German Marshall Fund-ში შეხვედრისას.

ამავე შეკრებაზე, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო უფლებადაცვითი და კვლევითი ორგანიზაციების, მედიის, უნივერსიტეტებისა და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ახლადარჩეული მთავრობა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებას შეადარეს. სააკაშვილის ხელისუფლების ერთ დროს აქტიურმა კრიტიკოსმა, ბრუს ჯექსონმა, ქალბატონ ფანჯიკიძეს უსაყვედურა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ თვეში უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა, ვიდრე უკრაინის ავტორიტარულმა მთავრობამ ორი წლის მანძილზე – „მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებას დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, ორი-სამი წელი სჭირდება, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კი ეს სულ 20 დღეში მოახერხა”, – განაცხადა ექსპერტმა.

კრიტიკის პასუხად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დრო ითხოვა – „ჯერ ძალიან ადრეა თითოეული ნაბიჯის კრიტიკა. ამის დრო და შესაძლებლობა მოგვიანებით გვექნება”. მან ამავდროულად აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავებები საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.

ტაბულა შეეცადა გაერკვია, თუ რას ეყრდნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოპტიმიზმი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მალევე, რაც ახალი მთავრობა შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, გაისმა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები და გაფრთხილებები დასავლური ინსტიტუტების მხრიდან. ასევე პრესაში. აქცენტი დაპატიმრებებზე, თვითმმართველობასა და მედიაზე შესაძლო ზეწოლაზე კეთდებოდა. მოგეხსენებათ, შეშფოთება გამოთქვეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის უმაღლესმა პირებმა, აშშ-მა. ამერიკასა და ევროპაში ვიზიტის დროს, რა საუბრები გქონდათ ამ თემებთან დაკავშირებით? რა მოისმინეთ მათგან და რა პოზიცია გამოხატეთ თქვენ?

მათგან მოვისმინე ერთი ძირითადი მესიჯი, რომ საქართველოს საშინაო საქმეში არავინ ჩაერევა – არცერთი სახელმწიფო, არცერთი გაერთიანება. რასაკვირველია, შემაშფოთებელია ის, რაც ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, არანაკლებ შეშფოთებულები ვართ ჩვენ, რომ ამის კეთება გვიწევს. სხვათა შორის, ესაა მიზეზი, თუ რატომ წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები და რატომ მოიგო ქართულმა ოცნებამ: იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო უსამართლობა.

სწორედ ამის გამოსწორების მანდატი მისცა ქართველმა ხალხმა ქართულ ოცნებას. კოალიციის, პრემიერის და მთავრობის უმთავრესი ამოცანაა, გამოასწოროს ყველაფერი, რაც ცხრა წლის მანძილზე არ გაკეთდა და რაც ასე ფეხქვეშ ითელებოდა – კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ.

არაერთ განცხადებაში ითქვა, რომ მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და პოლიტიკური ნიშნით არავის დევნა არ ხორციელდება. ამას დაადასტურებს და უკვე ადასტურებს ყველა ის საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია და, ადრე თუ გვიან, ბოლომდე მივა. რასაც ჩვენი პარტნიორები ითხოვენ და მოელიან, არის ის, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, არ იყოს შერჩევითი მართლმსაჯულება, რომ საზოგადოება იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, რა ხდება და ყველაფერი მოხდება კანონის დაცვით.

მგონი, 45 დღეც არ არის, რაც მთავრობაში ვართ. რასაკვირველია, მესმის, რომ პროცესი ჯერჯერობით არ დამთავრებულა, მისი შედეგები არავინ იცის და შეიძლება წინასწარ გამოხატო შეშფოთება. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ პარტნიორებს. კიდევ უფრო მეტს მივაწვდით. ჩვენ ვეპატიჟებით მათ, რომ ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ პროცესებს, არაფერი დაფარული არ გვაქვს. ძალიან მალე ყველა ეს ეჭვი გაიფანტება, რადგანაც მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, პოლიტიკური დაპატიმრებები საქართველოში აღარ ყოფილა. ეს პროცესი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც დღეს არის, საქართველოში არასდროს ყოფილა – კანონი დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული.

ჩემთვის ცოტა გასაკვირია ასეთი საყვედური, როდესაც მთელი გასული წელი იყო იმის საპირისპირო მაგალითი, რასაც ახლა ჩვენგან მოელიან. სხვათა შორის, შარშან, მას შემდეგ რაც ქალბატონი ჰილარი კლინტონი წავიდა საქართველოდან – ეს იყო მაისის პირველი რიცხვები – ქართული ოცნების მომხრე 127 კაცი დააპატიმრეს. ჯამში, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, 190 ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. სხვათა შორის, მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც, რომელიც ბიოქიმიკოსია. დამეთანხმებით, ეს არ არის პოლიტიკური პროფესია, იგი არ არის ქართული ოცნების წევრი, არც არასდროს ყოფილა.

აღარაფერს ვამბობ ჩვენს 70-მდე წევრზე, ვინც შემოწირულობა გადმორიცხა, ფინანსურად დაეხმარა ქართულ ოცნებას და ამის გამო დაკარგა მთელი ქონება. აი, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების, პოლიტიკური ზეწოლის, ოპოზიციის დევნის მაგალითი. და არა ის, რაც დღეს ხდება.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს თქვენი ერთ-ერთი მისია, როგორც ბატონმა პრემიერმა განაცხადა, იმაში მდგომარეობდა, რომ მედიისა და სახელისუფლებო წრეებისთვის ინფორმაცია მიგეწოდებინათ. თუმცა მას შემდეგ ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა მორიგი შეშფოთება გამოხატა თავისი წერილით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თქვენი, თქვენი უწყებისა და ახალი მთავრობის მცდელობა, დაგერწმუნებინათ შეერთებული შტატები, წარუმატებელი გამოდგა? ანუ ისინი კვლავ იმ აზრზე რჩებიან, რომ არსებობს შეშფოთების საგანი იმ მოვლენებში, რაც საქართველოში ხდება?

ამაში ვერ დაგეთანხმებით. ამ სენატორებიდან მე მხოლოდ ერთს შევხვდი ვაშინგტონში. გარდა ამისა, კიდევ ძალიან ბევრ სენატორს, კონგრესმენს და, რაც მთავარია, სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შევხვდი. მათი მხრიდან მსგავსი არაფერი მომისმენია. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ სენატორებმა არ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რეალურად რა ხდება საქართველოში, ან მათი წყაროები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ მათ რეალური ინფორმაცია მიეღოთ.

ყველგან, სადაც შეხვედრა მქონდა, დაწვრილებით ვილაპარაკე იმაზე, რაც ახლა მოგახსენეთ. გარდა ამისა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი. ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა დუბლინში, ეუთო-ს მინისტერიალზე. ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივანს და ეუთო-ს ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელს. ანუ იმ 10 დღის განმავლობაში, რაც აშშ-სა და ევროპაში ვმოგზაურობდი, სადღაც 40-მდე შეხვედრა მქონდა. ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთადერთის, ბატონი მაკკეინის ხელმოწერა აქვს წერილს, რომელიც ამერიკიდან მოვიდა.

აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩემი ვიზიტები იყო ძალიან წარმატებული და სათქმელი იმათ ყურამდე მივიტანე, ვისაც საქართველო აინტერესებდა.

ერთიც არის, როგორც გითხარით, პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ეს შეშფოთება უფრო გაფრთხილებას და მოწოდებას ჰგავს, რომ დავიცვათ კანონი და ა.შ. რის გარანტიასაც ჩვენ ვიძლევით და პროცესის ბოლოს აღმოჩნდება, რომ სიტყვა შევასრულეთ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და პარტნიორებს ეკადრება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესით ქვეყანაში სამართალს აღვადგენთ, გავაძლიერებთ მართლმსაჯულებას და, საბოლოო ჯამში, შევქმნით ისეთ დემოკრატიას, რომლითაც ჩვენი პარტნიორებიც იამაყებენ.

მინდა გკითხოთ NATO-ში ინტეგრაციის თემაზე. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ეს პროცესი შეაფერხა. ამის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის დაპატიმრება მოხდა სამხედრო კომიტეტის ვიზიტის წინ, რომელიც აღარ შედგა. ასევე ის, რომ NATO-ს მინისტერიალმა ისე ჩაიარა, ალიანსის მიმართულებით საქართველოს რაიმე წინსვლა არ აღნიშნულა. როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ხვდებოდა რასმუსენს, მან თქვა, რომ გენერალური მდივნისგან პირობა მიიღო – საქართველოს პროგრესი მინისტერიალზე რაიმე ფორმით გამოჩნდებოდა. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს არ მოხდა. რა იყო ამის მიზეზი?

NATO-ს თემაზე ჩვენ საქმის გადმობარება მანამდე დავიწყეთ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. თქვენ იცით, რომ იქ მოულოდნელი არაფერი ხდება. ის, რომ NATO-ს ამ მინისტერიალზე არ იყო დაგეგმილი არც კომუნიკეს და არც რაიმე განცხადების მიღება, ძალიან დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. მაშინ ჯერ არავინ იყო დაპატიმრებული და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში ვიცოდით, რომ ამ მინისტერიალზე არც MAP-ი იქნებოდა მოცემული და არც „MAP-ზე მეტი”. თუ ვინმე ამბობს, რომ ამ მინისტერიალზე MAP-ი იგეგმებოდა და ვერ მივიღეთ, ეს ნამდვილი სიცრუეა.

მინისტერიალის შემდეგ გაიმართა საქართველო-NATO-ს კომისიის სხდომა, რომელსაც კოალიციის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. იქ გავაკეთე მოხსენება, თუ რა მდგომარეობაში ვართ ახლა, რა არის ახალი ხელისუფლების მიდგომა, რა არის ახალი მთავრობის სამომავლო გეგმები. ამ ყველაფრის შემდეგ თხუთმეტმა მინისტრმა გამოთქვა აზრი. აბსოლუტურად ყველა ძალიან პოზიტიური იყო. სხვათა შორის, ამ დროს ჩვენ უკვე გვქონდა კოჰაბიტაციის დადებითი მაგალითი, როდესაც შეთანხმდა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურა. ამ თხუთმეტი მინისტრის გამოსვლაში ყველაფერი აღინიშნა და ეს არის ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ NATO-ს მინისტერიალზე.

გარდა ამისა, ISAF-ის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება ავღანეთში მეორე ბატალიონის გაგზავნის შესახებ ოქტომბერში იყო მიღებული, ანუ არჩევნების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ შევპირდით პარტნიორებს, რომ 2014 წლის შემდეგ საქართველო იმ ფორმით დარჩება ავღანეთში, რომელზეც NATO-სა და აშშ-სთან მოვილაპარაკებთ. ეს უაღრესად დადებითად იყო აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ვთვლი, რომ მათი ქება ყველაზე მეტად ეკუთვნით იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

გადადებული სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მომავალ წელს შედგება. და რაც მთავარია, სავარაუდოდ მარტში, NAC-ის (ჩრდილოატლანტიკური საბჭოს) ვიზიტიც გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ გენერალური მდივანი რასმუსენი და ყველა ელჩი ჩამოვა. იცით, რომ NATO-ს ორი კომპონენტი აქვს – პოლიტიკური და სამხედრო. სამხედრო კომიტეტთან ერთად NAC-ის პოლიტიკური ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ორივე ვიზიტი შეთანხმებულია და ორივე ფორმატში NATO-ს დელეგაციები პრემიერმა მოიწვია საქართველოში.

ევროკავშირთან ამჟამად მთელ პაკეტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები – ასოციაციის შესახებ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ. რა სტადიაშია დღეს ეს მოლაპარაკებები? რა შედეგს შეიძლება ველოდოთ და როდის?

სამი ასეთი შეხვედრა დაგვრჩა – 2013 წელს იანვარში, მარტში, მაისში და სწორედ მაისის შეხვედრაზე უნდა გვქონდეს შეთანხმებული ყველაფერი. ეს იმისთვის, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც 2013 წლის ნოემბერში შედგება, ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მაისისთვის უნდა მივაღწიოთ ვიზის ლიბერალიზაციის მეორე ეტაპზე გადასვლას. აქ არის ორი რამ – ერთი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიაში მოყვანა და იქ ბევრი სამუშაოა. და შემდეგ, მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს იმის იმპლემენტაციას, რაზეც შევთანხმდებით.

ეს ყველაფერი მინიმუმ პარაფირებული უნდა იყოს ვილნიუსის სამიტამდე. იქ უნდა გაიხსნას ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის. აი, ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვასრულებთ.

თუ არის ცნობილი, როდის შედგება პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში?

კონკრეტული თარიღი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, 2013 წლის განმავლობაში, ზუსტად ვერ გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დღის წესრიგი საქართველოში.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში პირველ შეხვედრას მართავს რუსულ მხარესთან. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაშალა. ახალი ფორმატი – სპეცწარმომადგენლის რუსეთის მხარესთან შუამავლების გარეშე მოლაპარაკება – საფრთხეს ხომ არ უქმნის ჟენევის ფორმატს? რუსეთს ყოველთვის შეუძლია მოაწყოს ასეთი დემარში და აქცენტი ამ ორმხრივ მოლაპარაკებებზე გადაიტანოს. ასეთი სცენარი შესაძლებელია?

მე მგონია, რომ არ არის შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჟენევის ფორმატი არის ხელშეუხებელი, ვინაიდან ეს საკმაოდ ხანგრძლივი ფორმატია. მოგეხსენებათ, ეს უკვე 22-ე შეხვედრა იყო. ეს სრულიად განსხვავებული ფორმატია, იქ არის მსჯელობა ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, მასში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის შეერთებული შტატები.

ჩვენი ამოცანა იყო, ამ ფორმატის პარალელურად, კიდევ ერთი არხი გაგვეხსნა რუსეთთან ურთიერთობებში, ამჯერად უკვე პირდაპირი დიალოგის სახით. ისეთის, რომელშიც სხვა არავინ მონაწილეობს და რომელიც ასევე ძალიან კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად შეიქმნა.

ჟენევის ფორმატს არავითარ შემთხვევაში საფრთხეს არ შევუქმნით. პირიქით, გვინდა კონკრეტული შედეგები მოიტანოს. იყო მცდელობები, ფორმატი დაშლილიყო, მაგრამ ის აქამდე მოვიდა და არ გაუქმებულა. ვერ ვიტყვით, რომ ამ ფორმატმა რაიმე ძალიან კონკრეტული მოიტანა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი გაუქმება არ იგეგმება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მესიჯი, რომ ბატონი ზურაბ აბაშიძის დანიშვნით გაგვეხსნა ურთიერთობის მეორე არხი, ძალიან სწორად არის აღქმული რუსეთის მიერ და ამიტომაც, ისინი ამ ფაქტს დადებითად გამოეხმაურნენ. იმის მიუხედავად, რომ დასაწყისში მათი რეაქცია არ იყო ადეკვატური და ჩვენ უფრო მეტს ველოდით. ყოველ შემთხვევაში, პირველი შეხვედრა შედგა.

ბ-ნი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველო მოლაპარაკებებზე წინაპირობების გარეშე მიდის. თუმცა რუსეთის მხრიდან რამდენიმე განცხადება გაკეთდა. მათ შორის, ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი ძალიან ცუდად აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე. იყო მედვედევის განცხადება, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ახალი რეალიები. მეორე მხრივ, საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ დეკლარირებულ პრიორიტეტს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა წარმოადგენს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ამ სიტუაციაში არის არამოგებიან, ერთგვარი მთხოვნელის პოზიციაში? რადგან ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ამოცანა ბაზრის გახსნის სახით, რუსეთს კი თავისი მოთხოვნები აქვს?

არავითარ შემთხვევაში. თქვენ ყურადღებით გიდევნებიათ თვალი რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთივე ყურადღებით ადევნებდით თვალს ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ისევე, როგორც რუსეთი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არსებობს წითელი ხაზები – ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს თავისუფალი არჩევანი, შეუერთდეს იმ ალიანსს, იმ კავშირს, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნება საჭირო. ეს არის NATO და ევროკავშირი. არცერთ სხვა კავშირს და ალიანსს საქართველო არ შეუერთდება.

რასაკვირველია, რაღაც პირობები ყოველთვის არსებობს ნებისმიერი მოლაპარაკებების წინ. მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ძალიან ნათელი, ამაზე უფრო მკაფიოდ ამას ვერ იტყვი. დარწმუნებული ვარ, ეს მისულია რუსეთის ხელისუფლების ყურამდეც. და მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა მაინც შედგა.

პირველი შეხვედრა რაიმე კონკრეტულს ვერ მოიტანს. იქ განხილული იქნება ტექნიკური საკითხები. თუმცა სამომავლოდ, დღის წესრიგში არის რამდენიმე კონკრეტული თემა. მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან ამას ვუკავშირებთ ეკონომიკის აღორძინებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენთვის ძალიან დადებით მომენტებს.

ისიც ბევრჯერ თქმულა, რომ რუსულ ბიზნესს ძალიან კარგი პირობები აქვს შექმნილი და ისინი ბევრ მნიშვნელოვან ბიზნესს ფლობენ საქართველოში. სამაგიეროდ, ქართულ ბიზნესს არ აქვს პირობები რუსეთში. ანუ, აქ არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი და როდესაც მსგავსი სახის საერთო ინტერესები არსებობს, მჯერა, იქ მოლაპარაკება შესაძლებელია.

ამიტომ ითქვა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სწორედ ეკონომიკის და კულტურის საკითხებზე გამართავს მოლაპარაკებებს და დასაწყისში უფლებამოსილი იქნება, მოლაპარაკებები მხოლოდ ამ სფეროებზე აწარმოოს. აუცილებელია ჰუმანიტარული ფაქტორის, ხალხთა შორის ურთიერთობის გათვალისწინება. მოგეხსენებათ, უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში. რუსეთთან ცალმხრივად გვაქვს გაუქმებული სავიზო რეჟიმი, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობა ვერ აღდგება, თუ მეორე მხრიდანაც შეღავათები არ იქნა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი მზადაა დღესვე გვესაუბროს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, თუმცა რაღაც სახის ლიბერალიზაციას აქაც შეიძლება ველოდოთ.

ორი კონკრეტული თემა გაჟღერდა რუსეთის მხრიდან. ეს არის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა და ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ მოლაპარაკებებს ამ ორ თემაზე. და დავამატებდი ჰუმანიტარულ თემას, რასაც ვუკავშირებ ვიზების საკითხს. მე არ ველი, რომ ისინი მალევე გადაწყდება, თუმცა ვფიქრობ, სამივე თემა მოლაპარაკებებზე წამოიჭრება.

არჩევნების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ზედმეტად „ვუყიჟინოთ” დასავლეთს ოკუპაციის თემით და რომ ხშირად დასავლეთის მხრიდან სიტყვიერი მხარდამჭერი განცხადებები არ არის ბოლომდე ეფექტური. მოლაპარაკებების დაწყების ფონზე შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ თბილისის პოლიტიკა შეიცვლება რიტორიკის შერბილების მიმართულებით?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ წითელი ხაზები ძალიან ცხადია. ამას ვერაფერი შეცვლის, სანამ საქართველოს ტერიტორია იქნება ოკუპირებული, ეს იქნება ნომერი პირველი თემა. ბატონმა ბიძინამ იგულისხმა – სამწუხაროა, როდესაც საქართველო სხვადასხვა ქვეყნებს შორის დაპირისპირების საგანი ხდება.

მოგეხსენებათ, მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რასაც, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით რუსეთზე. შესაბამისად, ეს არის აშშ-სა და რუსეთს, ევროკავშირსა და რუსეთს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და რუსეთს შორის ის საკითხი, რომელზეც ისინი ვერ თანხმდებიან. კარგი იქნებოდა, საქართველო გამხდარიყო არა კონფრონტაციის, არამედ კოოპერაციის ადგილი. და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს. რასაკვირველია, რუსეთზეც ბევრია დამოკიდებული.

რა ხდება ელჩებთან დაკავშირებით? თქვენ ამბობდით, რომ დიდი რაოდენობით ელჩები უნდა შეიცვალონ, თუმცა ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას პრეზიდენტთან. რა მიზანს ემსახურება ელჩების ასეთი როტაცია?

მე არასდროს მითქვამს, რომ ელჩების დიდი რაოდენობა უნდა შევცვალოთ. მინდა იცოდეთ, რომ ამ სამინისტროში ორადორმა ადამიანმა დატოვა სამსახური, გარდა მინისტრის იმ მოადგილეებისა, რომელთაგან ზოგს თვითონ არ უნდოდა დარჩენა.

ამ სამინისტროში, რომელშიც მე თვითონ 16 წელი ვმუშაობდი, ძალიან ბევრი პროფესიონალია. მე მათ ძალიან ვაფასებ და ვასრულებ იმ დაპირებას, რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში – სახელმწიფო მოხელეებს ექნებათ ბევრად უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე ჰქონდათ. მათ არასოდეს მოუწევთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დავალების შესრულება. ამის გარანტორი ამ უწყებაში მე ვარ.

რაც შეეხება ელჩებს, სამოცზე მეტი მისიის ხელმძღვანელის პირობებში 10-12 ელჩის გამოცვლა მეოთხედზე ნაკლებია. ძირითადად ეს ეხება იმ ელჩებს, რომლებმაც, როგორც უკვე ვთქვი, დაივიწყეს, რომ საქართველოს ელჩები იყვნენ და არა ნაციონალური მოძრაობის. ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. იმედი მაქვს, თქვენი ჟურნალის ამ ნომრის გამოსვლისთვის საკითხი გადაწყდება. ეს, სხვათა შორის, იმათაც ეხებათ, ვინც თავად განაცხადეს, რომ არ აპირებენ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. დავასახელებ მხოლოდ ორ მათგანს – ამერიკაში და გაეროში ელჩებს, იაკობაშვილს და ლომაიას, რომლებმაც თვითონ, თავიანთ Facebook-გვერდებზე დაწერეს, რომ არ აპირებენ ელჩებად დარჩენას. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არიან თავიანთ ადგილებზე, რჩებიან თანამდებობებზე, რაც პირადად ჩემთვის გასაკვირია.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც გავრცელდა დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების პირადი მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით. იქ იყო მონაცემები მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახის წევრთა და ა.შ. შესახებ. ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შესახებაც იყო კითხვები. რატომ გახდა ეს საჭირო?

არც ქონებრივი მდგომარეობის და არც ოჯახის შესახებ მონაცემების შეგროვება არ ყოფილა... იყო ლაპარაკი შიდა მოხმარებისთვის ცნობარის შექმნაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს უწყების შიგნით სხვებთან ნორმალური კონტაქტი. მე 16 წელი ვიმუშავე ამ სისტემაში და ეს ხდებოდა სისტემატურად, იგზავნებოდა კითხვარი, რათა განახლებულიყო თუნდაც საკონტაქტო ინფორმაცია. ახლა ამას e-mail Facebook-ი დაემატა. ეს კითხვარი არის სტანდარტული ფორმა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიცავს ბევრად უფრო ნაკლებ მონაცემს, ვიდრე ანკეტა, რომელსაც ადამიანი ავსებს ნებისმიერ საელჩოში ვიზის მისაღებად.

ეს ინფორმაცია დიდი ხანია არ განახლებულა და აუცილებლად საჭიროებდა ამას. ნამდვილად არ მაინტერესებს არცერთი თანამშრომლის ქონებრივი მდგომარეობა, მათი პირადი ამბები და, მით უმეტეს, ეწევიან თუ არა სიგარეტს... თანაც, თანამშრომლებს შეეძლოთ არ შეევსოთ ის გრაფები, რომელთა შევსებაც არ სურდათ.

 

კომენტარები