თბილისის მერიამ ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის გიორგი თექთუმანიშვილის ოჯახს. წერილში აღნიშნულია, რომ ამ ტრაგედიის მერიის სამსახურების დისკრედიტაციისთვის გამოყენება მიუღებელია.
"ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ასეთი დიდი ადამიანური ტრაგედიის ფონზე, მერიის სამსახურების უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობა, მით უმეტეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. გაცნობებთ, რომ შეშელიძის ქუჩაზე ტექნიკური მარილის დაყრასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე შემოსულ ექვსივე ზარზე ოპერატიულად მოხდა რეაგირება. შეშელიძის ქუჩაზე შესაბამისი სამსახური მარილს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ყრიდა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მილიდან გზის სავალ ნაწილზე წყლის გადმოდინების გამო დაყრილი მარილის გადარეცხვა ხდებოდა. მიუხედავად ამისა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ინტენსიურად ატარებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ასე რომ, პოლიციის ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს შეშელიძის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომობილი ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურების შემდეგ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა. ავტომობილ BMW-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პატრულ-ინსპექტორი გიორგი თექთუმანიშვილი კი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ " გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა. როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია. გამოძიებით ირკვევა, რომ გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე, ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, მერიის ცხელ ხაზს 6-ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს არცერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია. შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე, ღამით, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა".
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილი შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება ოპერატიულად ხდება. "ჩვენ მომენტალურად მოვახდინეთ ექვსივე ზარზე რეაგირება. შეშელიძის ქუჩის ხიდებთან მარილს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვყრიდით. მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარიდან წყალი გადმოდის. ჩვენ მარილს კი ვყრიდით, მაგრამ წყალი მას რეცხავდა, იყინებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ვყრიდით მარილს. ასეთი პროცედურები მთელი ქალაქის მასშტაბით ორმოცდაათამდე ადგილზე ხდებოდა. ასე რომ, პოლიციის ბრალდება უსაფუძვლოა. მე თავად მაქვს ეს საკითხი პირად კონტროლზე აყვანილი", - განაცხადა შიოლაშვილმა.





