16 დეკემბერს, თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ექიმი, 85 წლის ავთანდილ საყვარელიძე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. თავდამსხმელმა საყვარელიძე გაგუდა, შემდეგ კი ბინიდან ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო.
საყვარელიძის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი მკვლელს სავარაუდოდ იცნობდა, რადგან, ჩანს, რომ პროფესორმა მძარცველს კარი თავად გაუღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინმე იური ფ., უკვე დაკავებულია.
"გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს, დაკავებული ყაზბეგის ქუჩაზე N25-ში, 1927 წელს დაბადებული ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა და, როგორც გაირკვა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბინის მეპატრონე ბალიშით გაგუდა. შემდეგ, ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით, იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და საქართველო დატოვა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება მოახდინეს. 17 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ექსპერტების ნაწილი პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კრიმინალის მატებაზე საუბრობს. პრემიერი ივანიშვილი აცხადებს, რომ "დროებით ალბათ იქნება რაღაც აფეთქებები - მხედველობაში მაქვს, რომ სადღაც მანქანა გატეხეს, სადღაც ბინა", თუმცა ყოველივე ამას, პრემიერის თქმით, მოსახლეობა "გაგებით უნდა მოეკიდოს". შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება საერთო ჯამში არ უარესდება. ამ ფონზე, შს სამინისტრომ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა დედაქალაქში თითქმის გააორმაგა.




