იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა. პრემიერმინისტრის პოსტს პარტიის ლიდერი, შინძო აბე, დაიკავებს. ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ იოშიკიჰო ნოდას დემოკრატიული პარტია ჩაანაცვლა. დემოკრატიული პარტია ზედა პალატას აკონტროლებს, თუმცა პარტია ”ახალი კომეიტოსთან” კოალიციის შექმნით LDP ახერხებს ქვედა პალატის 480 ადგილიდან 323 დაკავებას და ზედა პალატაში დემოკრატიული პარტიის უპირატესობის განეიტრალებას. LDP 1955-2009 წლებში მართავდა ქვეყანას. 2009 წელს პარტია არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა და 3 წლის მანძილზე ოპოზიციაში გადაინაცვლა.
შინძო აბეს ერთხელ უკვე ეკავა პრემიერის პოსტი 2006 წელს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მმართველობის ერთი წლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. იაპონიის ახალი ლიდერის თქმით, მედიკამენტების დახმარებით ის თავს უკეთ გრძნობს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2006 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზეზად იქნა გამოყენებული პრემიერის მიერ და რეალურად, მისი გადადგომის საფუძველი მის წინააღმდეგ აგორებული სკანდალები გახდა. აბეს ბრალს სდებდნენ, რომ მან თანამდებობებზე ახლო მეგობრები დანიშნა, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ.
აბეს განცხადებით, მას არ შეუცვლია თავისი შეხედულებები უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე. მისი განცხადებით - "იაპონიის მთავარი პრობლემა არის ომისშემდგომი რეჟიმიდან თავის დაღწევა". მისი თქმით, საჭიროა სამხედრო ძლიერებისთვის ყურადღების მიქცევა და მეზობლებთან ტერიტორიული დავების გადაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ შინძო აბემ არჩევნებიდან ცოტა ხანში პეკინის მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთა.
პრემიერის თქმით, მისი პრიორიტეტი დეფლაციასთან ბრძოლა იქნება, გარდა ამისა, ის გააგრძელებს სამომხმარებლო გადასახადის გაზრდის გეგმაზე მუშაობას. LDP მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა და საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ხისტ საგარეო პოლიტიკაზე ამახვილებდა ყურადღებას.





