საპარლამენტო უმცირესობა

ვაშაძე: ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი ვითარება კატასტროფულია

"ქვეყნის ეკონომიკას არანაირი ზრდა არ ჰქონია ნოემბრის თვეში, მაშინ როცა სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 7,5%-ს შეადგენდა, ოქტომბერ-ნოემბრის მაჩვენებელი კი ნულია. ეს კოლაფსია, რომელზეც მსჯელობა არავის უნდა და დღეს პარლამენტი "ლინოლიუმის" ნიმუშების აღებითა და შენობაში ჟანგბადის შემცველობის ზომვით არის დაკავებული", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას. ვაშაძემ ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ პრემიერ ივანიშვილის მიერ კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მთელი ბიზნესი კოლაფსში ჩააგდო და "ყველამ ყველა პროექტი გააჩერა". 

"22 ნოემბერს პრემიერმინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ქვეყანაში კრიმინალის გამძვინვარებას. თქვა ისიც, რომ რაღაც მიჩქმალული პროექტები მიუტანეს, რომელიც საფრთხის შემცველი ყოფილა და ინვესტორებმა მეორე დღესვე ყველა საინვესტიციო პროექტი დახურეს. ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს რამდენიმე პარამეტრი წარმოაჩენს. ეს არის დღგ-ს ბრუნვები, რომელიც კატასტროფულად არის შემცირებული. საბანკო ტრანზაქციები შემცირებულია 25%-ით. ელემენტარულად, ბანკებში შემცირებებია და თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ", - აღნიშნა ვაშაძემ. 

 

კომენტარები