დღეს, 11 დეკემბერს, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: "საქართველოს სასამართლო სისტემა – არსებული გამოწვევები, სამომავლო გეგმები". შეხვედრას მოსამართლეებთან ერთად იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში რამდენიმე დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპებს.
"სასამართლო ხელისუფლებაში, როგორც დამოუკიდებელ შტოში, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია ისეთი ჩარევა, რომელიც სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ყველაზე მნიშვნელოვანია კანონპროექტის ორი პუნქტი, რომლის კონსტიტუციურობაც შესაძლოა დადგეს ეჭვქვეშ. ერთი ეს გახლავთ ის აკრძალვა, რომელიც ეხება სასამართლოების თავმჯდომარეებს, მოადგილეებს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებს. ამ პუნქტში ნათქვამია, რომ მოსამართლეებს არა აქვთ უფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიონ აი ამ თანამდებობის პირები. მეორე – ამ კანონის მიღებისთანავე უფლებამოსილება უწყდებათ მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ორივე ეს ცვლილება არის პირდაპირი დარტყმა სასამართლოზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საკანონმდებლო წესით", – აცხადებს კუბლაშვილი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმასაც განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ, "ყოველ წუთს შეიძლება დაემუქროს საფრთხე, რომ კანონში ცვლილებების შეტანით საკანონმდებლო ხელისუფლება მას სწრაფად შეუწყვეტს უფლებამოსილებას".
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კი მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებისთვის დისკუსიის დაწყებამდე. მისი თქმით, სამინისტრომ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და იგი პარლამენტს წარუდგინა.
"ეს პაკეტი ეხება მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციურ რეფორმას. ამაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს დისკუსიები საზოგადოებაში. ცხადია, მოსამართლეებისთვისაც ცნობილია ამ კანონპროექტის შინაარსი და მე მოვედი აქ იმისათვის, რომ გავუზიარო იუსტიციის სამინისტროს ხედვები ჩვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით და მოვისმინო მოსამართლეთა შეხედულებები ამ კანონპროექტებსა და სასამართლო სისტემის დღევანდელ მდგომარეობაზე", – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.




