დღეს, 29 ნოემბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე, კუბლაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ყველა ის მიმართულება, რომელიც სამომავლოდ სასამართლოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პირველ რიგში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს წესი მომავალი წლის ნოემბრიდან ამოქმედდება.
"ეს კონსტიტუციის ნორმაა და არ შეიცვლება. დღეის მდგომარეობით გამოვრიცხავ, რომ რაიმე შეიცვალოს. პარლამენტი ვერ შეცვლის კონსტიტუციას და ამ რეფორმის ამოქმედება მოსამართლეთა ობიექტურობის გარანტი იქნება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, კუბლაშვილმა სასამართლო პროცესების აუდიოჩაწერაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პირველი დეკემბრიდან სისხლის სამართლის საქმეების აუდიოჩაწერა მოხდება.
"ეს გააადვილებს საქმეს როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარეებისთვის. პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. ავტომატურად აუდიოჩანაწერი კომპიუტერში ჩაიწერება და დისკის სახით გადაეცემათ მხარეებს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც ხელს შეუწობს სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას, კუბლაშვილის აზრით, ელექტრონული საქმის წარმოება იქნება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ 2013 წლის მარტიდან, ადვოკატები და ზოგადად ნებისმიერი დაინტერესებული პირი საჩივრებისა და სარჩელების შევსებას ელექტრონულად შეძლებენ.
კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო ათი თვის მონაცემებიც გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო ათი თვის განმავლობაში შემცირებულია თავისუფლების აღკვეთის ფაქტები და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების ტენდენცია.
"მომავალ წელს თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდება, 35 პროცენტამდე უნდა ჩამოვიდეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებას ვიცემერ შოთა ხიზანიშვილისათვის სასამართლოს მხრიდან აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ უგულავამ ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ "მოსამართლემ ზეწოლას ვერ გაუძლო".
"გიგი უგულავას განცხადებაზე დიდი დარღვევაა ის, რომ პოლიტიკური პირები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამბობდნენ, მოსამართლეებს დავსჯითო. ეს სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა, თუმცა მერის განცხადებაც არ არის სწორი. ვინ გააკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შემცველი განცხადებები უნდა აღმოიფხვრას. მათი კომპეტენცია არ არის ეს", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.




