ამნისტიის შესახებ კანონის ერთ-ერთი თანაავტორი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას არ იზიარებს.
იუსტიციის სამინისტრომ წერილობითი რეკომენდაციებით მიმართა პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანოს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინება ურჩია.
"იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პირობით სასჯელს თავისი პრევენციული მნიშვნელობა გააჩნია და ყველა მსჯავრდებულთან მიმართებაში პირობითი სასჯელის მოხსნა მიზანშეწონილი არ იქნება. ციხეში მყოფ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პატიმრებს რეალურ სასჯელთან ერთად, პირობითიც აქვთ მისჯილი და არსებობს პოზიცია, თუ რატომ უნდა მოეხსნათ ასეთ პატიმრებს პირობითი სასჯელი. ადამიანი, რომელსაც პირობითი სასჯელი აქვს, უფრო ფრთხილია, ვიდრე ის, ვისაც არ აქვს", - აღნიშნა ფოფხაძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.
დეპუტატ ფოფხაძის ცნობით, ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებული რეკომენდაციები და შენიშვნები პარლამენტში შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებიდანაც შევიდა.
ფოფხაძემ ამნისტიის შესახებ კანონის სხვა ასპექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან მან აღნიშნა, რომ ნასამართლეობის მოხსნის საკითხი კითხვის ქვეშ არ დადგება.
"პირიქით, დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ნასამართლეობის მოხსნასთან ერთად, ადამიანებს ის უფლებებიც დაუბრუნდეთ, რაც მართვის უფლებას, პოლიციაში, საექიმო სფეროში თუ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას ეხება, რათა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოხდეს და მიეცეთ საშუალება, დაიწყონ მუშაობა იქ, სადაც სურთ", - განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 19 ნოემბერს დაიწყო. პარლამენტის სესიაზე მისი გატანა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა. კომიტეტი სხვადასხვა სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდება.




