ლევან გახელაძის თქმით, მეცხრე არხის საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეერთებაზე საუბარი შესაძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ media.ge ავრცელებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, ასეთი შეერთება ბევრ ტექნიკურ და ფინანსურ საკითხთან იქნება დაკავშირებული.
გახელაძემ ამ განცხადებით პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს უპასუხა. 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესების გამტარებელი გახდება, მეცხრე არხი დაიხურება და მისი კუთვნილი შენობა და ტექნიკა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცემა, ხოლო თუ ეს არ მოხდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი მეცხრე არხი გახდება.
მეცხრე არხი პრემიერმინისტრის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაა. ივანიშვილის განმარტებით, ამ ფაქტთან მიმართებაში ყველა უხერხულობა რომ მოიხსნას, ის მზად არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.
„ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ ამ პრობლემას. შევისწავლით სხვა ქვეყნების მსგავს პრაქტიკას, შესაძლოა 20 წლით ადრე გადავიხადო ამ ტელევიზიის დასაფინანსებლად ფული, რომ შემდეგ ტელევიზიის ბორდს ფინანსებზე დამოკიდებულება აღარ ჰქონდეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.




