პრესკონფერენცია

ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ

22 ნოემბრის პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოწესრიგდება. მან აღნიშნა, რომ ამ მიზნით სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, მაგრამ იმედგაცრუებულია, რომ მოსკოვს ამის საპასუხოდ რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„მაგრამ, მაქვს მოლოდინი და განცდა, რომ რაღაც მოხდება. ცოტა გვიან ალბათ გაიაზრებენ ამას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ქართული კომპანიები „ძალიან გააქტიურდნენ“ და რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანისთვის ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, შესაძლებელია, ამ სეზონზე რუსეთში ციტრუსების გატანაც მოესწროს.

ივანიშვილის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ძველ ხელისუფლებას ამ ბაზრის ათვისების ინტერესი არ ჰქონია“.

ივანიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ „ჩვენი მოსვლით უნდა დაიწყოს (ურთიერთობის) დათბობა და დარეგულირება“. და, „იმედგაცრუების მიუხედავად“, იგი ამის იმედს იტოვებს და მოსკოვის მხრიდან გამოხმაურებას დაელოდება.

 

კომენტარები