ამ წუთებში სასტუმრო Radisson-ში პრესკონფერენციას მართავს საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ვრცელ, თითქმის 45-წუთიან, შესავალ სიტყვაში პრემიერმა მიმოიხილა ახალი მთავრობის მუშაობის პერიოდი. მან აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს იმ დაპირებების შესასრულებლად, რაც მისმა გუნდა წინასაარჩევნოდ გასცა.
"შესაძლებლობების მაქსიმუმს ვხარჯავ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ერთ-ერთი პირველი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს, - განაცხადა ივანიშვილმა.
”ვამბობდი, რომ პოლიცია და პროკურატურა ჩადგება ხალხის სამსახურში. ამ კუთხით ორივე უწყება ფორმირებულია და შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი ხალხის სამსახურში ჩადგა. არ ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელეების დიდმა ნაწილმა სამსახურები დაკარგა, რადგან ვცდილობთ, მინიმალური საკადრო ცვლილებები განვახორციელოთ. გასუფთავების პროცესი კიდევ გაგრძელდება. ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდა, სულ ცოტა, სამსახურის დატოვება მოუწევს. მთავრობის ფორმირების პროცესი კარგად ვითარდება და სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ექსცესებით სავსე პროცესი სტაბილურდება”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ”სასამართლოსთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს აქვს გარკვეული პრობლემები. დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ სასამართლოში ცვლილებები არ განხორციელებულა. ვცდილობთ შევუნარჩუნოთ მას დამოუკიდებლობის ის ნაწილი, რაც ჰქონდა”.
”სამართლიანობის აღდგენის” დაპირების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი მედიის დაპირებაზე გადავიდა.
პრემიერის განცხადებით, ამ სფეროში მთავრობისგან დამოუკიდებლად გარკვეული ”იმედისმომცემი” ძვრები შეინიშნება. ამ მხრივ, ივანიშვილმა გამოყო ტელეკომპანია იმედის პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნების ფაქტი და მას სამართლიანი უწოდა.
ივანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებულ დავებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ სხვადასხვა ჯგუფები, ივანიშვილის ”გადასახედიდან რეალური მესაკუთრეები”, აცხადებენ პრეტენზიას საკუთრებაზე. ”ეს პროცესი მიდის და თავისთავად კარგია”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ისაუბრა. საზოგადოებრივი ტელევიზია ძირითადად ემსახურებოდა ერთ გუნდს, მაგრამ საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა გამოხატავდეს საზოგადოებრივ ინტერესებს, - განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან იქნება მაქსიმალური მცდელობა, არ ჩაერიონ თავისუფალი მედიის მუშაობაში.





