ACT-იმ დინამიკაშიც გვიჩვენა თბილისელების განწყობების ცვლილება. თუ სექტემბრის დასაწყისში გამოკითხულების 41% თვლიდა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით მიდიოდა, 35% კი ნეგატიურად იყო განწყობილი, თვის ბოლოს განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ციხის კადრების გავრცელების შემდგომ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, დედაქალაქის მოსახლეობის უკვე 49% პროცენტი თვლიდა, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა.
ACT-იმ მოსახლეობა დაკავებების თემაზეც გამოკითხა. მათი 73% თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს და დაკავებებს რეალური საფუძველი აქვს. 8% კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. 74%-ის აზრით, პოლიტიკური დევნის დაწყებას არც მომავალში უნდა ველოდოთ, 10%-ს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს. ამავდროულად, 71% თვლის, რომ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებები გაგრძელდება. 21%-ს არ გაუკვირდება არც დაპატიმრებების შეწყვეტა, არც გაგრძელება. 8% კი დაკავებების სერიის შეწყვეტას ელის.
რაც შეეხება მოლოდინებს ახალი მთავრობის მიმართ, თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებია. მათი აზრით, ახალი მთავრობა, პირველ რიგში, შემდეგ საკითხებს მოაგვარებს - დასაქმებასა (25%) და კომუნალური გადასახადების დაკლებას (22%) უზრუნველყოფს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, 77% თვლიდა, რომ ის ნაწილობრივ შეიცვლება. რადიკალურ ცვლილებებს კი 8% მოელოდა.
თბილისელების ეკონომიკური მოლოდინები გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუებით ACT-იმ არჩევნებამდე, 2012 წლის სექტემბერში. 60% ოპტიმიზმით უყურებდა მომავალს და თვლიდა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაუმჯობესდებოდა. ეს მაჩვენებელი 2008 წლის მოლოდინებს სამჯერ აღემატება. კიდევ უფრო ოპტიმისტური იყო განწყობა ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით - 71% მიიჩნევდა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.