აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ივანიშვილის პირველი ვიზიტი აშშ-ში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს შედგება

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში პირველი ვიზიტით, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება. ამის შესახებ მან აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, მისი და გორდონის საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობის საკითხი იყო. შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეც.

ფანჯიკიძემ შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ გორდონს აუხსნეს, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა და როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქციები მოსკოვიდან. ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამით საფრთხე არ ექმნება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.

„პირიქით, ჟენევის პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობისთვის და ამ ფორუმის შენარჩუნებისთვის კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი.ეს იქნება დამატებითი არხი იმისათვის, რომ რაღაც სახის ურთიერთობა დამყარდეს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები