NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, საქართველოში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით პოზიცია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე დააფიქსირა და შეხვედრას გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
„გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებები უნდა იყოს გამჭვირვალე და აკმაყოფილებლდეს მაღალ დემოკრატიულ პრონციპებს. პრემიერმა კი ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, - ამბობს აპატურაი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ცნობით, აპატურაიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართული საპარლამენტო უმრავლესობა რასმუსენის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციით ხსნიდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია:
,,სამწუხაროა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება და რეზოლუციის გაკეთების საფუძველი გახდა არა საქართველოში NATO-ს წარმომადგენლობის, NATO-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ან ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ, სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული დამახინჯებული ინფორმაცია და ცალმხრივი შეფასებები", - ნათქვამია განცხადებაში.




