ინციდენტი

გიორგი გაჩეჩილაძე დანაშაულის ჩადენას უარყოფს

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის, გიორგი გაჩეჩილაძის დაკავებასთან დაკავშირდებით, მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ადვოკატის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძე უკანონოდაა დაკავებული.
ლალი აფციაური აცხადებს, რომ ვიდეომასალაში, რომელიც ტაბულამ 29 ოქტომბერს გაავრცელა, გაჩეჩილაძის დანაშაული არ იკვეთება. ადვოკატის თქმით,  კადრებში არ ჩანს დაჭრის ფაქტი. მისი თქმით, მასალიდან ჩანს, რომ გიორგი  გაჩეჩილაძე დაზარალებულია, ვინაიდან მას „უმოწყალოდ“ სცემენ.  
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი გაჩეჩილაძე უარყოფს დანის ტარების ფაქტს და დანაშაულის ჩადენას. 
ადვოკატი ლალი აფციაური თვლის, რომ ვიდეომასალა, სავარაუდოდ, შსს-ს ხელით გავრცელდა. „მე მეეჭვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით გაეკეთებინა შსს-ს პრესცენტრს განცხადებები, ვინაიდან ის ვიდეომასალაც, რომელიც სავარაუდოდ შსს-ს ხელით გავრცელდა, არის კანონდარღვევა. ეს არის გამოძიების მასალები, რომლის გამჟღავნებაც კატეგორიულად მიუღებელია“, - აცხადებს აფციაური.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს 30 ოქტომბერს წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). საქმე ეხება  27 ოქტომბერს, კაფე გალერისთან მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფეს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი გაჩეჩილაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები