შსს

ირაკლი ღარიბაშვილი სოდ-ს და კუდ-ს აუქმებს

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უწყებაში სტრუქტურული ცვლილებები გატარდება და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდება. ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საზოგადოებაში ამ სამსახურების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებაა. მისივე თქმით, სამსახურების გაუქმება იქ მომუშავე ადამიანების ხარჯზე არ მოხდება და მათთვის ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.

„კუდ-ის ფუნქციებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეითავსებს, რომელიც ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო იქნება. რაც შეეხება სოდ-ს, ისიც გაუქმდება და მის ფუნქციებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი შეითავსებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შეიქმნება „მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაერქმევა რეფორმების და განვითარების ეროვნული ბიურო და ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას“.

ახლადდანიშნული მინისტრი დღეს შს სამინისტროში იმყოფებოდა. მან ყოფილ მინისტრთან,  ეკა ზღულაძესთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშივილი თავის მოადგილეებს მომავალი კვირის დასაწყისში დაასახელებს.

 

კომენტარები