აშშ

ფარა პანდიტი: არ არის საჭირო, გეზიზღებოდეს

ფარა პანდიტი 2009 წლის ივნისიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი საგანგებო წარმომადგენელია ისლამურ თემებში. მისი სამსახური პასუხისმგებელია სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ხედვაზე მთელი მსოფლიოს მუსლიმებთან ურთიერთობაზე, როგორც პირდაპირ, ისე ორგანიზაციულ დონეზე. გასულ კვირას, პანდიტი საქართველოს ეწვია. ტაბულა მას ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ცოტა ხნის წინანდელ დაპირისპირებაზე და ისლამის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე ესაუბრა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები გაჰყავს. არის კი აშშ-სთვის აღნიშნული რეგიონიდან გასვლა გარდაუვალი და როგორ გესახებათ არაბულ სამყაროსთან აშშ-ის მომავალი ურთიერთობები?

დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე ბარაკ ობამას მსოფლიო სამუსლიმანოსთან საერთო ენის გამოსაძებნად ძალისხმევა არ დაუშურებია. თავის საინაუგურაციო მიმართვაში ობამა მთელ მსოფლიოში ურთიერთობების მოწესრიგების სურვილზე საუბრობდა. შესაბამისად, თანამდებობაზე ყოფნის უკანასკნელი სამ-ნახევარი წლის განმავლობაში ობამა საკუთარი მთავრობის თითოეულ რგოლს სთხოვს, გამოძებნონ ახალი და საინტერესო გზები და უწინდელთან შედარებით, რაც შეიძლება მეტი გააკეთონ მუსლიმთა მომავალ თაობასთან კონტაქტის შესანარჩუნებლად.

2009 წელს ქაიროში სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ომაბა ყველასთვის საინტერესო ახალი პლატფორმის ძიებაზე საუბრობდა. მრავალ სხვა საკითხთან ერთად, იგი მეწარმეობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და განათლების თემებს შეეხო. შესაბამისად, მსოფლიო სამუსლიმანოსთან კონტაქტის დამყარებასთან დაკავშირებით ჩვენ გრძელვადიანი ინტერესები გვაქვს. პლანეტის ერთ მეოთხედს მუსლიმები შეადგენენ. იმისთვის, რომ გამოიძებნოს საერთო ენა და გადაიჭრას მსოფლიო მასშტაბის პრობლემები, უნდა მოვახერხოთ და დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები კაცობრიობის მეოთხედთან.

აგრესიულმა გამოხმაურებამ, რომელიც ბოლო დროს გამოჩენილ ცნობილ ანტიისლამურ ფილმს მოჰყვა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის არათანაზომიერობისა და „ცივილიზაციათა კონფლიქტის” ძველი კიპლინგისეული კონცეფცია გააცოცხლა. რას ეტყვით კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ისლამი უბრალოდ არ არის დასავლეთის ნაწილი?

ვფიქრობ, ღირს 1993 წელს სემ ჰანტინგტონის მიერ დაწერილი სტატიის გადახედვა. მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები იდეას, რომლის თანახმადაც, ვარსებობთ ჩვენ და არსებობენ ისინი. არ ვეთანხმები იდეას, რომელიც დასავლეთის, ანდა ეგრეთ წოდებული დასავლეთის ისლამთან საომარ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს. დასავლეთ ევროპაში ორმოცდაოთხი მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რომ არაფერი ვთქვათ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა და ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებზე.

ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო პატივისცემის გამოვლენა ყოველგვარი შეხედულების, ასევე ყველა რელიგიის მიმართ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმები ამ ქვეყანას წარმოადგენენ. პრეზიდენტმა ომაბამ განაცხადა, რომ არ არსებობს დაპირისპირება ჩვენსა და მათ შორის, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ცნება „ჩვენ”.

ჩვენ განთქმულები ვართ ჩვენი მრავალფეროვნებით და იმით, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მუსლიმებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ნაწილად მივიჩნევთ. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო მუსლიმ ხალხებთან საგანგებო წარმომადგენლის რანგში. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა კლინტომა მთხოვა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ურთიერთობა დამემყარებინა ადგილობრივ მუსლიმებთან ყველგან, სადაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ და ყველგან, სადაც ისინი უმცირესობაში არიან. დიდი დრო მაქვს გატარებული ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც ცოტა მუსლიმია, მაგრამ ისინი მონაწილეობას იღებენ ამ ქვეყნების, როგორც ძლიერი და მრავალმხრივი საზოგადოებების სახის შექმნაში.

ასე რომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კრიტიკულად მივუდგებით მრავალფეროვნების საკითხს და უარს ვიტყვით თავის დროზე სემ ჰანტინგტონის მიერ წამოყენებულ მოსაზრებაზე. ალ-ყაიდას ხელს მისცემდა, თუ ჩავთვლიდით, რომ ვარსებობთ ჩვენ და არსებობენ ისინი. ჩვენ კი ასე არ ვფიქრობთ. ჩვენ გვწამს, რომ ვარსებობთ „ჩვენ”.

რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Newsweek-მა მუსლიმთა რისხვის შესახებ პირველ გვერდზე გამოტანილი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებით მიიპყრო ყურადღება. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ფენომენი, რომელსაც მუსლიმთა რისხვას ვუწოდებთ?

თანამდებობაზე ყოფნის ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მქონდა ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსლიმებთან გასაუბრების შესაძლებლობა – სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ქალბატონმა კლინტონმა მთხოვა მემოგზაურა და მესაუბრა ახალგაზრდობასთან, რადგან 1,6 მილიარდი მუსლიმის 62% ოცდაათ წელზე ნაკლები ასაკისაა. ახალგაზრდობა წინ იხედება და არა უკან. უნდათ, რომ მათი ხმა ვიღაცამ გაიგოს.

პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს ამ ახალგაზრდებისკენ აქვთ მიპყრობილი გულისყური და მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკის პირობებში გათიშულობას აქვს ხოლმე ადგილი, ანდა რაღაცები ყოველთვის სათანადოდ ვერ უკავშირდება ერთმანეთს, ახალგაზრდების უმეტესობა, ვისთვისაც მომისმენია, პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაჭრით არის დაინტერესებული. ეს ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, ციფრული საზოგადოების წიაღში ცხოვრობენ და იციან, რომ ადამიანს, რომელსაც, მაგალითისთვის, Twitter-ის ქსელში 140 მეგობარი ჰყავს, შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას. ისინი აცნობიერებენ, რომ რელიგიული აღმსარებლობის, რასის, კლასის, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით დაყოფა აღარ არსებობს.

ქუჩის და ახალგაზრდობის როლის თანდათანობით შემცირებამ, რაც რევოლუციებში გადამწყვეტ როლს ასრულებდა, ასევე სალაფიტების აღზევებამ, ზოგიერთი ანალიტიკოსი „არაბული გაზაფხულის” გაუთვალისწინებელ შედეგებზე და „არაბული ზამთრის დადგომაზე” აალაპარაკა. საკითხისადმი ამგვარ მიდგომაზე რას იტყვით?

ვფიქრობ, ასეთი შთამბეჭდავი რეპლიკების გამოყენება დიდხანს არ გასტანს. დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ უპრეცედენტო მოვლენებს. იმედი გვაქვს, დემოკრატია იზეიმებს და ჩვენ გავხდებით რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობის მომსწრენი.

ღია კრიტიკა და მკრეხელური განცხადებები თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია, თუმცა არაბების დიდი ნაწილისთვის დასავლეთის სოციალურ და პოლიტიკურ მიღწევებთან შეთავსება საკმაოდ რთულია. როგორ ფიქრობთ, არის ღვთის გმობა ადამიანის უცილობელი უფლება თუ დასავლეთი სიტყვის თავისუფლებასთან გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს?

ქაიროში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ ურთიერთპატივისცემაზე ისაუბრა, რაც შემდგომში სხვებთან ერათად სახელმწიფო მდივანმა კლინტონმაც განიხილა. შეიძლება ვიღაცასთან რაღაცაში ვერ თანხმდებოდე, მაგრამ თავისუფალ და ღია საზოგადოებაში შეგიძლია დაგმო ის, რაც არ მოგწონს. ჩვენ, ამერიკელებს, გვწამს გამოხატვის თავისუფლების. ეს უფლება კონსტიტუციაშია ჩადებული და ამერიკელები ძალიან ამაყობენ, რომ ასეთი უფლება აქვთ. იმედი გვაქვს, ადამიანები პატივისცემით მოეკიდებიან ერთმანეთს – არ არის საჭირო, გეზიზღებოდეს, ანდა აკრიტიკებდე სხვების სარწმუნოებას. ჩვენ ვიცავთ აზრის გამოხატვის უფლებას და ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები ამხელენ ისეთ გამონათქვამებს, რომლებშიც ზიზღი და შეურაცხყოფა იგრძნობა.

თქვენ ახსენებთ ფილმს, რომელიც კერძო პირმა შეერთებულ შტატებში გადაიღო, მაგრამ მე შემიძლია გესაუბროთ იმაზე, რაც მთელ მსოფლიოში ჩემი თვალით მინახავს. მინახავს, ყოველდღე როგორ ამასხარავებენ, სასაცილოდ იგდებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვა რელიგიას, სხვა ეროვნებას, სხვა ადამიანებს და სხვა საზოგადოებას. აქ ეს მნიშვნელოვანია. მომეტებული ნეგატივი, დაცინვა, მგრძნობიარე თემების მასხრად აგდება გლობალური ფენომენი გახლავთ. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს ღია საუბარს და ისეთი საზოგადოებების წამოწევას, რომლის წიაღში განსხვავებულად აზროვნება შესაძლებელია. ჩემი აზრით, ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და დაგმონ ის, რაც არ მოსწონთ. ძალადობა არ გახლავთ პასუხი. ჩვენ გვჯერა, რომ ხელს ვუწყობთ ღია დებატებს, გვმობთ იმას, რაც დასაგმობია და უარვყოფთ ძალადობის ყველა ფორმას.

 

 

 

კომენტარები