საქართველო–ნატო

ჯეიმს აპატურაი: ოქტომბრის არჩევნებით საქართველო მაგალითი გახდა მთელი რეგიონისთვის

საქართველოსთვის ისტორიული მომენტია, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაცემა ხდება. ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებით საქართველო მაგალითი გახდა მთელი რეგიონისთვის.

"საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა. ველოდები შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მომავალ მთავრობასთან. მსურს მოვისმინო ორივე გუნდის გეგმები. ჩემი მთავარი გზავნილი კი იქნება, რომ ნატო საქართველოსთან მუშაობას გააგრძელებს. ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩატარებული არჩევნები იყო გამოცდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში და საქართველომ ეს გამოცდა ჩააბარა. ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა საარჩევნო ყუთების და არა ქუჩის აქციების საშუალებით.“ – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს გუშინ ღამე ეწვია, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მოქმედი და არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები