საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის განმტკიცების შესახებ ისაუბრა, მან აგრეთვე, ახალ მთავრობას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე დღეში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობებში, პარლამენტში ახალი უმრავლესობა შეიკრიბება და სხვა პოლიტიკური ძალა აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესობას გადაიბარებს. დემოკრატია პროცესია... ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სრული დემოკრატია, ვიდრე კიდევ ერთი არჩევნები არ გაიმართება და კიდევ ერთხელ არ შეიცვლება ხელისუფლება ასეთივე გზით. ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს რომელიც თავისუფალი არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ წასვლა დაავიწყდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პირველი პირის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გახარებულია, თუმცა მისი სიხარული ნაადრევია, „რადგან ის ფაქტორი, რომ მის საზღვრებთან მთავრობა შეიცვალა არჩევნებით, თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პროცესით, არ არის კარგი ამბავი ისეთი პირისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნება სურს.“
მიხეილ სააკაშვილმა აგრეთვე, განაცხადა, რომ დეკემბერში ნატოს მინისტერიალი გაიმართება. მისი თქმით, ქვეყნის ახალ მთავრობასთან ერთად მუშაობის შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი, ნატოში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს. პრეზიდენტის თქმით, იგი მზადაა, ახალ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ეს შესაძლებლობები გამოიყენოს.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაკარგვა, რასაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ვაშენებდით, დავიმსახურეთ ევროპული ინსტიტუტების ნდობა და გავზარდეთ ძალიან კარგი დიპლომატები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. საქართველოს რეფორმირების პროცესმა მოგვიტანა დღევანდელი შედეგი და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს იმას, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს შეეძლოს ევროპაში ქართული პასპორტით დაუბრკოლებლად, უვიზოდ შესვლა, ყველა ჩვენი პროდუქტის უპრობლემოდ, ბაჟის გარეშე გატანა და თავი ვიგრძნოთ, ევროპის თითქმის სრულფასოვან ნაწილად, ამ სტრუქტურების მონაწილეებად.“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





