ინდოეთი

რეფორმების ქარი ინდოეთში

მსოფლიოს სიდიდის მიხედვით მე-11 ეკონომიკის პრემიერმინისტრმა მანმოჰად სინგჰმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, სადაც ინდოეთში ახალი რეფორმების  დაწყებაზე ისაუბრა. მან მოსახლეობას „რთული” გადაწყვეტილების საჭიროება აუხსნა. „ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ნდობა, როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო ინვესტორების თვალში და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ, ამ მიზნისთვისაა საჭირო”, – განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვისას. მიუხედავად სინგჰის ამ განცხადებისა, რეფორმები, რომელსაც მთავრობა გეგმავს, ნაკლებად ეფექტიანია. კორუფციაში ჩაძირულ საზოგადოებას უფრო რადიკალური ცვლილებები სჭირდება.  

იმის საპასუხოდ, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა ამ წლის მანძილზე 67 პროცენტით დაიკლო, მთავრობამ გადაწყვიტა, უცხოური კაპიტალისთვის ლიმიტი კერძო სექტორში 26-დან 49 პროცენტამდე გაეზარდა. იგეგმება, რომ უცხოურ ფირმებს საპენსიო ფონდების 49 პროცენტის ფლობის საშუალება მიეცეთ. რეფორმებს ეწინააღმდეგებიან ინდოეთის მემარცხენე პარტიები და ინდუს ნაციონალისტური პარტია – ბჰარატია ჯანატა (BJP).

მანმოჰად სინგჰი უკანასკნელი რვა წელია ინდოეთს სათავეში უდგას. მას ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 1990-იან წლებში, როდესაც ინდოეთმა ლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყო და საბაზრო ეკონომიკურ მოდელზე გადავიდა. ინდოეთის მიერ შექმნილმა გარემომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მიიზიდა და ეკონომიკამაც იფეთქა. დღეს ქვეყნის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარს უდრის. წიგნიერების დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შემოსავალი გაიზარდა და მოსახლეობამ სოფლიდან ქალაქში მიგრაცია დაიწყო. 2020 წლისათვის ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთისას გადაასწრებს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რიცხვი 37.2-დან 29.8 პროცენტამდე შემცირდა, რაც გულისხმობს, რომ სიღარიბეს 40-მა მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი.

ინდოელებს დღეს აქვს დაცული სიტყვის, გამოხატვის და რელიგიის თავისუფლება.  მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, დემოკრატიულად დააფიქსირონ საკუთარი აზრი საარჩევნო ყუთთან. თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია. საჯარო სექტორში მაღალია კორუფციის დონე, გარდა ამისა, ინდოეთმა, ჩინეთისგან განსხვავებით, ვერ შეძლო შეექმნა საწარმოო გარემო, სადაც ნაკლებად კვალიფიციურ მუშახელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცემოდა. კორუფცია ხელს უშლის ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შექმნას.

მანმოჰად სინგჰი
წლისათვის ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა. 1947-დან 2011 წლამდე შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 200-ჯერ გაიზარდა, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ეკონომიკურმა ზრდამ კლება იწყო. ერთ დროს ბრწყინვალე ეკონომიკამ ელვარება დაკარგა – 2011-2012 წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.3%-მდე დაეცა, რუპიას ღირებულება კი 25%-ით შემცირდა.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, ზრდის შენელების მიზეზი საზღვარგარეთული ინვესტიციების კლებაა, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკური ამინდითაა გამოწვეული. ასევე, მაღალია ფისკალური დეფიციტის და ინფლაციის დონე. ფისკალური დეფიციტი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს აღწევს. საკვების, სხვა საწარმოო პროდუქციის და ელექტროენერგიის მიწოდება ვერ უთანაბრდება მზარდ მოთხოვნას. ინდოეთი დგას კრიზისის საფრთხის წინაშე და პარალიზებული პოლიტიკა ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

ეკონომისტთა შორის არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს დელიმ ჩიხიდან გამოსასვლელად, თუმცა პოლიტიკოსები რისკზე წასვლას უფრთხიან. მნიშვნელოვანია საშინაო და საგარეო კომპანიების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაუქმება, ასევე ფისკალური ბალანსის შესანარჩუნებლად საჭირო ზომების მიღება და კორუფციასთან ბრძოლის დაწყება.

მცირე რეფორმებმა, რომელიც ბოლო დროს იყო გატარებული, პრემიერმინისტრს კოალიციის მხარდამჭერები დააკარგვინა, რამაც შეიძლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს. პენსილვანიის უნივერსიტეტის ინდოეთის ექსპერტის ე. სრიდჰარანის მოსაზრებით, საჭირო რეფორმები ამომრჩევლების დაკარგვას გამოიწვევს, რის გამოც კონგრესი პრემიერს ცვლილებების დაწყების უფლებას არ მისცემს. თავად პრემიერის პოლიტიკური საყრდენი კი სუსტია. სწორედ ამიტომ, მთავრობა არ დგამს მკვეთრ ნაბიჯებს და ცდილობს თავიდან აიცილოს ხმაური. არსებული უმოქმედობა კარგს არაფერს უქადის მაჰათმა განდის ოცნებების ქვეყანას.

ინდოეთში ნერუ-განდის დინასტიას ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს. რთულ მდგომარეობაში ინდოელები მათ იმედს არ კარგავენ. ჯავაჰარლალ ნერუს შვილთაშვილის იტალიელი ცოლი სონია განდი, რომელიც კონგრესს არაფორმალურად მართავს, მდგომარეობის გამოსწორების სურვილს არ გამოხატავს და, როგორც ჩანს, თავადაც კარგად სარგებლობს კორუფციითა და ნეპოტიზმით. ბევრის აზრით, მისი შვილი რაული კენჭს იყრის 2014 წლის პრემიერმინისტრის არჩევნებში. თუმცა მისი პოლიტიკის შეფასება ძნელია, ვინაიდან ის არასდროს საუბრობს არც საკუთარ გეგმებზე და არც პოლიტიკურ შეხედულებებზე.

ინდოეთს სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც შეეწყობიან მის პროგრესს და არა პირიქით. მართალია, სინგჰის მიერ წამოწყებული პატარა რეფორმები იმედისმომცემია, თუმცა უფრო მეტია საჭირო. ამისთვის კი უფრო გამბედავი და გავლენიანი პოლიტიკოსია საჭირო – დღეისათვის ინდოეთის პოლიტიკურ სპექტრზე ასეთი არავინ ჩანს.

კომენტარები