ახალი მთავრობა

ამნისტია თუ ნულოვანი ტოლერანტობა

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალაუფლების უპრეცედენტოდ დემოკრატიული ტრანზიციის პერიოდი მოვლენებითა და ემოციებით დატვირთული პროცესი აღმოჩნდა. ამ პერიოდში, უშუალოდ პოლიტიკური მოვლენების გარდა, საზოგადოებას განსჯისა და წუხილის სხვა მნიშვნელოვანი თემაც გამოუჩნდა: არჩევნების შემდგომ, კრიმინალური ფაქტების რაოდენობამ თვალშისაცემად მოიმატა.

ბოლო ხანების დანაშაულებს შორის ყველაზე გახმაურებული ბანკების ძარცვის შემთხვევებია: 5 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ნიღბიანებმა ფული ვარკეთილში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალიდან გაიტაცეს. ერთი დღით ადრე თბილისში გაძარცვეს პროკრედიტ ბანკის ფილიალი – ამჯერად უიარაღოდ. რვა შეიარაღებულმა პირმა ტექნიკის მაღაზია გაქურდა გორის ცენტრში და ათი ათას ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა გაიტაცა. ამას ემატება სამარშრუტო ტაქსებში ფულის ამოცლის თუ მანქანების ძარცვის გახშირებული შემთხვევები. სოციალურ ქსელებში მრავალი ადამიანი წუხს და ჰყვება საკუთარი დანაკარგის შესახებ.

საერთო სურათში თავსდება გაზეთ ასავალ-დასავალთან დაკავშირებული სკანდალიც – სავარაუდოდ, ტელეკომაპანია მაესტროს ეთერში სწორედ ამ თემაზე გამოთქმულ შეფასებებს მოჰყვა მწერალ ზაზა ბურჭულაძის ცემა. რამდენადაც ცნობილია, მას სერიოზული ფიზიკური ზიანი მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დანაშაულის კლებასა თუ მატებაზე შეფასება რამდენიმე დღის მონაცემებით ვერ გაკეთდება – ამისთვის უფრო ხანგრძლივ პერიოდზე დაკვირვებაა საჭირო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ფონიდან გამომდინარე, საზოგადოება უფრო მძაფრად რეაგირებს კანონდარღვევის თითოეულ ფაქტზე და მას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე, შესაძლოა, მანამდე მიენიჭებინა. თუმცა დანაშაულების მატება აშკარად მიუთითებს, რომ არჩევნების შემდგომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა.

შეშფოთება ამ საკითხზე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გამოთქვა. 5 ოქტომბერს მან აღნიშნა, რომ მსგავსი განუკითხაობა 2008 წლის ომის შემდგომაც არ ყოფილა და მოქმედ შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს ასეთი შემთხვევების აღკვეთა საჯაროდ, ტელეკამერების თანხლებით დაავალა – სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ დანარჩენებს ეს დავალება გზავნილად აღექვათ.

რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, უკანასკნელ დრომდე ის ძალაუფლების გადაბარების საკითხით იყო დაკავებული და გახშირებული დანაშაულის მიმართ დიდწილად გულგრილობას იჩენდა. ამას ყურადღება არც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დათმობია. მკაფიო მესიჯი, რომ ხელისუფლების შეცვლა დანაშაულთან ბრძოლის შესუსტებას არ გამოიწვევს, ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 8 ოქტომბერს გაავრცელა. შს მინისტრობის უკვე გაცხადებულმა კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელემედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდი კრიმინალის წინააღმდეგ „მაქსიმალურად შეურიგებელი” იქნება: „არსებობს საუბრები, რომ მოსალოდნელია კრიმინალების გააქტიურება ... აბსოლუტურად ნულოვანი ტოლერანტობა იქნება გამოცხადებული მათ მიმართ. ეს არის პრინციპული ამოცანა, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ არცერთი კრიმინალის გაბატონება და არ დავუშვათ მათი თარეში”.

ეს განცხადება უკვე შეიძლება ჩაითვალოს მესიჯად, თუმცა ჯერ ისევ გაურკვეველია ივანიშვილის მთავრობის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის დეტალები – რა სახით შენარჩუნდება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, გადახედვის შემთხვევაში კი, კონკრეტულად, როგორ შეიცვლება. აღსანიშნავია, რომ „ნულოვანი ტოლერანტობა” არ გულისხმობს მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტებისადმი და მძიმე დანაშაულებისადმი უკომპრომისო მოპყრობას – მისი არსია მკაცრი დამოკიდებულება მცირე დანაშაულისადმიც.

კრიმინოგენული ფონის დამძიმება პრობლემაა მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის, ხოლო მეორე მხრივ, გამოწვევა – აწ უკვე მმართველი გუნდისთვის. მისი დასტაბილურება და ძველებურად დაბალ ნიშნულზე დაყვანა ივანიშვილის მთავრობის პრაგმატულ ინტერესში შედის, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

საზოგადოების ფენა, რომლისთვისაც კრიმინალი ყველაზე სენსიტიური თემაა, ქალაქის საშუალო კლასია. არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის სწორედ ამ სეგმენტის გაუცხოებას მიუძღვის დიდი როლი ნაციონალების მარცხში. შესაბამისად, თუ ახალი ხელისუფლება დანაშაულის მატების მიმართ გულგრილი დარჩება, ნაციონალურ მოძრაობას მეტი შანსი ეძლევა, ეს სეგმენტი უკან შემოიბრუნოს.

მრავალი იმედგაცრუების თუ წყენის მიღმა, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობას უკავშირდება პერიოდი, როცა მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა: სისხლის სამართლის სტატისტიკით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2007-დან გასული წლის ჩათვლით, განუხრელად იკლებდა. GALLUP World-ის 2011 წლის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოს 143 ქვეყნის მოქალაქეებს შორის, უსაფრთხოების განცდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ – 91%-ს აჭარბებდა. დანაშაულისა და უსაფრთხოების 2012 წლის კვლევის მიხედვით კი, 2010-2012 წლებში ფიზიკური თავდასხმის თუ ბინის გაქურდვის შიში არ ჰქონდა გამოკითხულთა 94-98%-ს. ამავე შედეგებით, პოლიციის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა მხოლოდ 1-დან 3%-მდე ნაწილი ასახელებდა.

ამასთან, კრიმინალის ზრდას, თუ ეს ტენდენციის სახეს მიიღებს, ნეგატიური შედეგები არამხოლოდ ელექტორალური თვალსაზრისით ექნება: საკუთრების დაცვისა და პიროვნული ხელშეუხებლობის გარეშე, პრობლემები ეკონომიკურ განვითარებასაც შეექმნება – გარემო ინვესტიციებისთვის არახელსაყრელი გახდება. ეს კი მმართველი პარტიისთვისაც წამგებიანია.

აშშ-ის გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბარაკ ობამა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტერორიზმთან ბრძოლის ბუშისეულ მეთოდებს აკრიტიკებდა – არჩევნების შემდგომ კი, არსებითად ყველაფერი შეინარჩუნა ძველი პოლიტიკისგან, თუ არ ჩავთვლით გუანტანამოს ციხის დახურვის გაუბედავ მცდელობას. შესაძლოა, მსგავსი სცენარი განვითარდეს საქართველოშიც – სააკაშვილის სისტემის მწვავე კრიტიკა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება თუნდაც საკუთარ რეიტინგს სასწორზე დადებს და წინა მთავრობისგან კარდინალურად განსხვავებულ ნაბიჯებს გადადგამს. ეს ნაკლებად მოსალოდნელია საგარეო პოლიტიკაშიც. ახალ პრემიერს მოუწევს, კატეგორიული უარი უთხრას ციხეში თუ მის გარეთ მყოფ კრიმინალური წარსულის ადამიანებს, რომლებიც, თავის მხრივ, ივანიშვილის პოლიტიკურ წარმატებაში საკუთარ წვლილს ხედავენ და, სავარაუდოდ, დაფასებასაც ელიან.

ეს პროცესი, შესაძლოა, არც ისე მარტივი იყოს. განვლილმა დღეებმა ცხადყო, რომ კრიმინალურმა ელემენტებმა უფრო მარტივად მოახდინეს სიტუაციასთან ადაპტირება, ვიდრე პოლიციამ – პირველი უფრო მოტივირებული, მეორე კი – დემორალიზებული აღმოჩნდა, რაც შემთხვევითი არ არის და ამ ამბავში თავისი წვლილი აქვს როგორც ყოფილ, ასევე ახლადარჩეულ ხელისუფლებას.

ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო რიტორიკა ქართულ ოცნებას კანონიერ ქურდებთან ალიანსში ამხელდა – ამას ემსახურებოდა საფრანგეთის ჟანდარმერიის მასალების გამოქვეყნებაც. რწმუნებამ, რომ განდევნილი კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყანაში დაბრუნებას აპირებენ, ხოლო ქართული ოცნების გამარჯვება სწორედ ამ ტიპის პროცესებს შეუწყობს ხელს, კრიმინალებს განწყობა აუმაღლა. თავისი წვლილი მიუძღვის გლდანის ციხის სკანდალურ ვიდეოებში ცოცხისა და „ქურდის” ეპიზოდსაც – რომელიც იქცა კიდეც ფართომასშტაბიანი აქციების მესიჯ-ბოქსის მთავარ ინსპირაციად. კრიმინალური ავტორიტეტები ბოროტებაზე დამყარებული, ადამიანის უფლებების შემლახავი სისტემის (ციხის) საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ, რამაც გარკვეულწილად მათი რეაბილიტაცია მოახდინა.

კრიმინალების ნაწილისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მოდუნების ერთ-ერთ ნიშნად ამნისტიაც შეიძლება იქცეს. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ამნისტიის აუცილებლობა არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ვის შეიძლება შეეხოს ის. ამნისტიის შესახებ ისაუბრა სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმაც. მისი თქმით, ამნისტია მნიშვნელოვანია ციხეების განტვირთვისათვის. ამნისტიის გამოცხადება კანონის მეშვეობით ხდება და პრეზიდენტს ამ საკითხზე ვეტოს უფლება გააჩნია, რაც შეიძლება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირების თემად იქცეს.

გამოდის, რომ ივანიშვილის მთავრობის ერთი მინისტრი ამნისტიაზე საუბრობს, ხოლო მეორე, დანაშაულთან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წარმოებას გვპირდება. არსებობს კითხვა, რამდენად თავსებადი იქნება ახალი მთავრობის ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთთან? ნულოვანი ტოლერანტობით დანაშაულისადმი ბრძოლა საჭირო გახდა მძიმე კრიმინოგენული გარემოს გამო, რომელშიც ქვეყანა ოთხმოცდაათიან წლებში ცხოვრობდა. ამნისტია ციხეების განტვირთვის მარტივი გამოსავალია, რომელსაც შესაძლოა გაუთვლელი შედეგები ჰქონდეს და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის წარმოებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ეჭვქვეშ დააყენოს. მით უმეტეს, როცა ახალ მთავრობას აქვს ამნისტიის ალტერნატივები, მაგალითად, შერჩევით, ვადამდელი პირობითი გათავისუფლება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუ პირი გათავისუფლების პირობებს დაარღვევს, მაშინ სახელმწიფოს ექნება საშუალება ის უკან დააბრუნოს, რაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გასატარებლად, შესაძლოა, მეტად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო რიტორიკა დიდწილად ანტიპოლიციური იყო. ქართული ოცნების პროგრამაშივე წერია, რომ „რეჟიმის მთავარი საყრდენი უაღრესად პოლიტიზებული პროკურატურა და პოლიციაა. ისინი იქცნენ ხელისუფლების რეპრესიული მანქანის მამოძრავებელ ძალად, ხოლო სასამართლო – პროკურატურის დანამატად”. თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებდა, რომ თავდაპირველად წარმატებული პოლიციის რეფორმა შემდგომში განადგურდა და პოლიტიზებული, „ერთი კაცის სამსახურში” მდგომი გახდა. დამოუკიდებლად იმისგან, რამდენად შეეფერება ეს მტკიცება რეალობას, საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის, სამართალდამცავებშიც, ოპოზიციური რიტორიკა აძლიერებდა განცდას, რომ პოლიცია ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებაა და ძველ ხელისუფლებასთან ერთად, ლეგიტიმაციას სამართალდამცავებიც კარგავენ.

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გააძლიერა ციხის კადრებმა. „სისტემა უნდა დაინგრეს” ტიპის ლოზუნგები კარგად მოთავსდა რიტორიკაში, რომლის მიხედვით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში შექმნილი სამართალდამცავი სისტემა ბოროტებას ემსახურება, ამიტომ, ის მმართველ ძალასთან ერთად უნდა ჩამოიშალოს.

სისტემის თანამშრომლებში დაუცველობის განცდა გააღრმავა არჩევნების შემდგომ გაზეთ ასავალ-დასავალის მიერ გლდანის ციხის თანამშრომლების საცხოვრებელი მისამართებისა და ტელეფონების ნომრების გამოქვეყნებამ – პირდაპირი ან ირიბი საფრთხე დაემუქრა ყველას, ვინც, შესაძლოა, კეთილსინდისიერად ემსახურებოდა სასჯელაღსრულების სისტემას და ძალოვან უწყებებს.

სამართალდამცავი სტრუქტურების დემორალიზებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების გამოცდილების არარსებობაც – აღმოჩნდა, რომ პოლიციას რისკზე წასვლა უჭირს. „არასწორი” პიროვნების, ანუ რომელიმე პოლიტიკოსის ახლობლის დაკავების შემთხვევაში, პოლიციელმა შეიძლება სამსახური დაკარგოს. პოლიცია პირველად, მისი რეფორმირებული სახით არსებობისას, პოლიტიკური დასაყრდენის გარეშე აღმოჩნდა, მიუხედავად ივანიშვილის მტკიცებისა, რომ საზოგადოებას პოლიტიკური რევანშის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. „ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს. დევნა, გარდა სამართლებრივისა, არ დაიწყება. დაისჯება მხოლოდ ის, ვისაც აქვს ჩადენილი კანონდარღვევა” – ივანიშვილის ეს მესიჯი საკმაოდ ბუნდოვანია. რიგით პოლიციელს არ შეუძლია, დანამდვილებით იცოდეს, მისი წარსული საქმიანობა დანაშაულებრივია თუ არა იმ მმართველის ხედვით, რომელიც მათ რეჟიმისა და უკანონობის მსახურებად აცხადებდა.

ამასთან, დღემდე ბოლომდე გარკვეული არ არის, რამდენად სიღრმისეულად მოხდება სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნა. მათ შორის, არსებული პერსონალიდან, ვინ და რა ვადებში დაკარგავს სამსახურს. გაურკვევლობაში ყოფნა, თავის მხრივ, არასტაბილურობის განცდას ზრდის და დემორალიზაციას აღრმავებს. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოდ-ი და კუდ-ი შეიძლება რეორგანიზდეს. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ შესაძლოა ისინი ერთმანეთს შეერწყას და არ გაუქმდეს.

ფორმალურად, ვითარებაზე პასუხისმგებელი ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლებაა, თუმცა მდგომარეობის სწრაფად შემოტრიალებაში კოალიციის ლიდერსაც მნიშვნელოვანი როლის თამაში შეეძლო და შეუძლია. პოლიტიკური გამოცდილების, ალღოს და პროცესებში აქტიურად ჩართულობის შემთხვევაში, ივანიშვილს შეეძლო, პირველივე გახმაურებული შემთხვევის ადგილზე მისულიყო, დაზარალებულისთვის სრული თანადგომა გამოეთქვა და მკაცრი განცხადება გაეკეთებინა. რიგით პოლიციელებთან თუ პროკურორებთან შეხვედრა და საზოგადოების სამსახურისთვის მადლობის გადახდა, მკაფიოდ ახსნა, რომ კრიმინალთან ბრძოლისთვის ისინი არათუ დაისჯებიან, არამედ წახალისდებიან, დემორალიზაციას მნიშვნელოვნად აღმოფხვრის.

 

კომენტარები