თბილისის მერია

მერია დასუფთავების გადასახადის ორ ვარიანტზე მუშაობს

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მერიას ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული. ამის შესახებ უგულავამ თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თბილისის მერის განმარტებით, პირველი ვარიანტი არსებული სისტემის შენარჩუნების პირობებში სეზონური ტარიფის შემოღებას ითვალისწინებს.

„ტარიფი ზამთარში უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა სეზონებზე, რადგან ზამთარში დენის მოხმარება მეტია. ამ სისტემას თავისი უპირატესობებიც აქვს, თბილისში 25 ათასი ბინა დაკეტილია და შესაბამისად, თუ ბინა დაკეტილია, გადასახადსაც არ იხდის.“ – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მერის განმარტებით, მეორე ვარიანტი დასუფთავებაზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს – ოჯახზე 7 ლარის ოდენობით. უგულავას განცხადებით, მეორე ვარიანტი მისთვის ყველაზე ლოგიკური და საინტერესოა. მისივე თქმით, აღნიშნულ ვარიანტებზე მუშაობა თბილისის მერიამ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ნაციონალურ მოძრაობას 1000-ლარიანი ვაუჩერის განხორციელების შესაძლებლობა აღარ ეძლევა.

თბილისის საკრებულო დენისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევების საკითხის განხილვას მომავალ კვირაში გააგრძელებს.

 

კომენტარები