
ამ შეკითხვაზე დედამიწელთა დიდ ნაწილს მარტივი პასუხი ექნებოდა, მათ შორის, ქართველებსაც – სპექტაკლებზე სიარული ყველას არ უყვარს, რაზეც ხშირად მეტყველებს ხოლმე ნახევრად შევსებული დარბაზები. თუმცა წილად ცამეტსაც ამ კითხვაზე არანაკლებ მარტივი პასუხი აღმოაჩნდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პლანეტაზე მოხვდა, იძულებული გახდა ტელეპათიური არხი გაეთიშა, რადგან ადამიანები აქ ერთს ფიქრობენ და სულ სხვას ამბობენ, ორივეს მოსმენა კი მისთვის აუტანელი იყო. „ჩემს პლანეტაზე ყველა სიმართლეს ამბობს, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება თეატრი”, – ამბობს ის.
პლანეტა ვანდერპრანდური ჩვენგან შორსაა. დედამიწაზე, რომელიც სხვა სისტემაში არსებობს, ადამიანებს ყოველთვის სჭირდებოდათ განსხვავებული გზების ძიება იმის გამოსახატავად, რასაც ფიქრობდნენ და გრძნობდნენ. მოლდოველი რეჟისორი, პეტრუ ვუტკერეუ ამას ელჩინის ნაწარმოების, „შექსპირის” დადგმით შეეცადა. თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლი აზერბაიჯანის ნაციონალურმა აკადემიურმა დრამატულმა თეატრმა ჩამოიტანა.
„შექსპირი” სევდიანი წარმოდგენაა იმის შესახებ, თუ რა მყიფე შეიძლება იყოს ზღვარი რეალურ და გამოგონილ სამყაროს შორის. ფსიქიატრიული კლინიკის მთავარი ექიმი იმდენად მარტოსულია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს. მეორე ექიმი ყოველ საღამოს პაციენტებს სოსისებს ჰპარავს და თავად არის სიგიჟის ზღვარზე... ამ სპექტაკლის ყველა პერსონაჟი 
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში New, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკლები სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა მაზმიშვილმა, შარშან აღნიშნა, რომ პროგრამა New-ს ყველა წარმოდგენა მაყურებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაძლოა, ბევრისთვის არც ისე საინტერესო იყოს იმ უცნობი სპექტაკლების ნახვა, რომელთაც საერთაშორისო აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფესტივალის ეს მიმდინარეობა თანდათანობით მის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კომპონენტად იქცა. საერთაშორისო პროგრამა New, გარდა იმისა, რომ ჟანრის თვალსაზრისითაც ძალიან მრავალფეროვანია, ახალი აღმოჩენების გაკეთების შესანიშნავ საშუალებასაც გვაძლევს.
ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა იყო გაბრიელა მუნიოსის ჯამბაზის პერფორმანსი „იქნებ, იქნებ...”, რომელიც მაყურებელმა ძალიან თბილად მიიღო. უსიტყვო წარმოდგენა, რომელშიც მუნიოსი თავად თამაშობს, ერთდროულად სევდიანი და ძალიან მხიარული შოუა, რომელიც რომანტიკულ იდეალებზე გვაფიქრებს. წარმოდგენა ერთი ადამიანის მონაწილეობით დიდ 
„ამ ნაწარმოების შექმნა იმან შთამაგონა, რომ ადამიანებს აღარ შეუძლიათ ნამდვილი კავშირების პოვნა ერთმანეთთან, რის შედეგადაც ისინი სასოწარკვეთილები მოქმედებენ. ეპოქაში, სადაც ქალი უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება. ვფიქრობ, არა მხოლოდ მარტოსულები, ზედმეტად პრეტენზიულებიც ვართ, თუმცა ჯერ კიდევ გვჯერა რომანტიკის... იმას, რომ სხვები გვაიძულებენ ვიცხოვროთ „წესებით” ბედნიერების მოსაპოვებლად, შეუძლია ხანდახან ჩვენი ნამდვილი მე გვაჩვენოს”, – ამბობს მუნიოსი.
სრულყოფილი მამაკაცის მოლოდინში, თეთრ კაბაში გამოწყობილი გრეტა ქორწილის ერთგვარ რეპეტიციას გადის, თუმცა, საბოლოოდ, მის წინაშე ჩნდება დილემა – შეუძლია რეალურ ადამიანს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ყველა მისი იმედის გამართლება თუ აჯობებს მარტო დარჩეს საკუთარ თავსა და წარმოსახვით „ნამდვილ სიყვარულთან” ერთად?..
სხვა სპექტაკლებისგან ჟანრობრივად განსხვავდებოდა ლუმინიტა ტისუს „სახლი მ”, რომლის სიუჟეტიც დოკუმენტურ სტილში იყო აგებული. ტისუმ აქცენტი საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე, გენდერულ პრობლემატიკასა და ოჯახურ ძალადობაზე გააკეთა. მძიმე წარმოდგენა, უფრო სწორად, ვერბატიმი, მაყურებელში ერთდროულად თანაგრძნობას და აღშფოთების განცდას იწვევს. მსახიობების საშემსრულებლო ხელოვნება შესაძლოა უფრო მაღალი დონისაც ყოფილიყო, თუმცა სპექტაკლი მაინც ახერხებს სერიოზული ვნებათაღელვის გამოწვევას – ეს ერთგვარი პროვოკაციაა, რაც სამშობლოში არცთუ უსაფუძვლოდ იქცა დებატების და დისკუსიების მიზეზად. „სახლი მ”-ს მიღებული აქვს გენდერული თანასწორობის პრიზი ქალების პოლიტიკური კლუბისგან 50/50.
პროგრამის შთამბეჭდავი მომენტი გახდა „ქაოსური ოდისეა” – ფანტასტიკური ჟანრის კაბარე შოუ. რეჟისორ მარია ნემიროვსკის ინოვაციურმა ინტერპრეტაციამ მითოლოგიური ოდისევსი იმ პერსონაჟად წარმოაჩინა, რომელთანაც დარბაზში მჯდომ მაყურებელს იოლად შეეძლო თავი გაეიგივებინა.
მოძრაობის თეატრმა „იშ” ისრაელიდან კარგად მოახერხა ტექსტის გარეშე პოეტური გარემოს შექმნა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილების მოხდენა, როგორც გასულ წელს ისრაელის კლიპას თეატრმა შეძლო, არც ისე იოლი აღმოჩნდა. ზოგადად, თანამედროვე ებრაული თეატრი, დახვეწილი ტექნიკითა და მართლაც ძალიან ინოვაციური მიდგომებით, დღეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და შესანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო ფესტივალი მასთან ახლოს გაცნობის საშუალებას ყოველ წელს გვაძლევს. ურიგო არ იქნებოდა, დრამატურგიის სფეროში ასეთი არატრადიციული ხედვა უახლოეს მომავალში ქართულ თეატრშიც გვენახა, ეს აუცილებლად გაზრდიდა თეატრის ახალგაზრდა (და არამხოლოდ) მაყურებლის კონტინგენტს. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, თეატრალური ცხოვრების გამოსაცოცხლებლად, თბილისში ამ ფესტივალის ჩატარება ლამის ერთადერთ და ტრადიციულ გამოსავლად იქცა...





