სახელმწიფო ბიუჯეტი

მერაბიშვილი: სახელმწიფოს საკმარისი თანხები აქვს, რათა ახალმა მთავრობამ დაპირებები შეასრულოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა პრემიერს დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხების და სავალუტო რეზერვების შესახებ მოახსენა.  

ვანო მერაბიშილის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს საკმარისი თანხები, რათა შემდეგმა მთავრობამ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს.

ფინანსთა მინისტრის მოხსენებით, სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. კერძოდ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე - 920 მლნ ლარი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე - 200 მლნ ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე - 320 მლნ ლარი ხოლო სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე - 587 მლნ ლარი არის განთავსებული. 
ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, გარდა შიდა რესურსისა, საქართველოს გააჩნია საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით, ეროვნულ ბანკში განთავსებული ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2.9 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება ინფლაციას, ფინანსთა მინისტრის თქმით, მისი მაჩვენებელი დაბალია და მნიშნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, წარმატება უსურვა.

კომენტარები