საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძესა და ქვეყნის მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული დანაშაულებების აღკვეთა დაავალა. ქვეყნის პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი განუკითხაობა ქვეყანაში 2008 წლის ომის დროსაც კი არ შექმნილა. მისი თქმით, შესაბამისმა სტრუქტურებმა დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.
"მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ, რომ კანონიერმა ქურდებმა საქართველოს საზღვარი არ გადმოკვეთონ. კანონმდებლობით კანონიერი ქურდობა ისჯება სისხლის სამართლებრივად. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიის პირობებში მათი დრო აქ არასოდეს დადგება," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის გადაბარება კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად მოხდება და ეს პროცესი არ უნდა აისახოს ქვეყნის ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე. მიხეილ სააკაშვილმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა. მან ისიც აღნიშნა, რომ იგი მზადაა კანონიერების შენარჩუნებისა და დანაშაულის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით, ახალ მთავრობასთან ითანამშრომლოს.




