გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის მიერ თურქეთის ტერიტორიის დაბომბვა დაგმო. უშიშროების საბჭოს წევრებმა სირიას მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოსთხოვეს. საბჭოს მიერ მიღებულ პროექტში სირიის მიერ თურქეთის დასახლებული პუნქტის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს ”მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის საფრთხე” უწოდეს.
ოთხშაბათს სირიის მხრიდან გახსნილ ცეცხლს თურქეთის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. თურქეთის ვიცე-პრემიერის ბეშირ ატალაის განცხადებით, სირიამ უკვე აიღო მომხდარზე პასუხისმგებლობა და ბოდიშიც მოიხადა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიასთან ომის დაწყებას არ აპირებს. "ჩვენ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება, სხვა არაფერი. ჩვენ ვერ ვიქნებით დაინტერესებული ომის დაწყებაში. თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს აუცილებლად დაიცავს. არავის არ ვურჩევ ამის შემოწმებას". - განაცხადა პრემიერმა.




