არჩევნები

პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებას მიმართა

დღეს, 30 სექტემერს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა. პრეზიდენტმა საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა, ისაუბრა პირველი ოქტომბრის  მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ვერანაირი შიდა და გარეშე წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს ქვეყანაში დემოკრატიის გამაჯრვებას.  

 „ძვირფასო თანამემამულენო, ხვალ როგორც არასდროს, აქტუალური იქნება ჩვენი ჰიმნის სიტყვები- „თავისუფლება დღეს ჩვენი“. ხვალ დგება ჩვენი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების უმაღლესი გამოხატულების მომენტი. ქართველი ერი, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოება გადაწყვეტს საქართველოს ბედს. ხვალ საქართველოს თითეული ოჯახისთვის მართლაც რომ, სიმართლის მომენტი დგება. საქართველოს მრავალი თაობა იბრძოდა თავისუფლებისათვის, ხვალ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი შვილების და შთამომავლების, არამედ ჩვენი წინაპრების წინაშე, ვინაიდან ხვალ გადაწყდება შევინარჩუნებთ თუ არა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ და წირავდნენ თავს და გადავცემთ თუ არა მომავალ თაობას ამ თავისუფლებას. ხვალ, როგორც არასდროს, აქტუალური იქნება ასევე ჩვენს გერბზე ამოტვიფრული სიტყვებიც: „ძალა ერთობაშია“. როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ვერც დამპყრობლის ძალის უპრეცედენტო კონცენტრაცია ჩვენს საზღვრებთან და საზღვრებს შიგნით, ვერც საარჩევნო პროცესის ჩაშლის მავანთა გეგმები ვერ შეუშლის ხელს დემოკრატიის დიდ გამარჯვებას“.

„ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება ხვალ. ეს არის ყველა ქართველის, ყველა მოქალაქის დღე და ყველა წყვეტს ჩვენი საზოგადოების მომავლის ბედს, არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის, არამედ ათწლეულების განმავლობაში და ეს კარგად უნდა გავიაზროთ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი, ეპოქალური საკითხი წყდება, როგორი ქვეყანა გვინდა, გვქონდეს და ისიც კი, გვინდა თუ არა, რომ ქვეყანა გვქონდეს. გააგრძელოს თუ არა ჩვენმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა, თუ უკან ჩავათრევინებთ თავებს ათასგზის გადავლილ წისქვილის თავს. არასდროს ჩვენს ისტორიაში არ ვყოფილვართ ასე ახლოს ევროპასთან. ხვალ ჩვენს მტერს აქვს ბოლო შანსი მოგვაბრუნოს ამ დამოუკიდებლობის გზიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ხვალ, ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერი გადადგამს საბოლოო ნაბიჯს დამპყრობლის მარწუხებიდან განთავისუფლებისკენ და ევროპულ სახლში გაწევრიანებისკენ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ბოლო დღეებში ამას ხმამაღლა იმეორებს ბევრი ევროპელი მოქმედი და ყოფილი ლიდერი“.

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანს გააკეთებთ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ლიდერის, არამედ საქართქველოს სიყვარულით, თქვენი შვილების, მომავლის სიყვარულით, სიცოცხლის სიყვარულით, რომელიც აუცილებლად უნდა მიდიოდეს წინ და აღარასდროს უნდა დავბრუნდეთ უკან, ისწრაფოდეს მუდმივი პროგრესისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხვალინდელ არჩევანს საქართველოს ერთგულების იდეით გააკეთებთ, რადგან ხვალინდელი არჩევანი იმავდროულად არის არჩევანი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და უუფლებობას შორის“.

„განვლილმა საარჩევნო კამპანიამ და პოლიტიკური ბრძოლოს არც თუ სუფთა მეთოდებმა, ძალიან დაძაბა ემოციური ფონი საქართველოში. ამიტომ მე გთხოვთ, ხვალინდელი არჩევანი გააკეთოთ არა ემოციით, არამედ მშვიდი ანალიზით, არა ცხელი გულით, არამედ ცივი გონებით. გთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას იფიქროთ იმაზე, თუ სად იყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ცხრა წლის წინ, სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოთ მომავალი ოთხი-ხუთი წლის შემდეგ. რათქმაუნდა, ძალიან ბევრი უცხოელი არის აღფრთოვანებული საქართველოს ძალიან სწრაფი პროგრესით და ამ მხრივ უცხოელებს საქართველო მიაჩნიათ სანიმუშოდ. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი პრობლემა გვქავს, გვერდზე გადავდოთ უცხოელების შეფასებები, ჩვენ ყველამ ერთად საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა დღეს, ვიდრე იყო ცხრა წლის წინ“.

 „არჩევანი თქვენს ხელშია, ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ნუ დარჩებით სახლში. მოდით, პირველი ოქტომბერი ვაქციოთ თარიღად, რომელიც ისტორიას შემორჩება დღედ, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიბრძნე, სიდინჯე, შორსმჭვრეტელობა და სამშობლოს უპირობო ერთგულება“.

კომენტარები