საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს 30 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების არ გაყალბდება და მშვიდობიანად“ ჩატარდება.
"მე მინდა, მოგმართოთ მთელ საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასეთი რთული მზადება ჯერ არ ყოფილა ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენ ველოდებით, რომ ეს არჩევნები გაყალბებული არ იქნება და ხალხი აირჩევს მას, ვინც სურს. ძველი რომაელები ამბობდნენ, ხმა ერისა, ხმა ღვთისა. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. სამართალი არის საფუძველი მშვიდობისა და შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს ის სიბრძნე, რომ დავიცვათ სამართალი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან არის უფალი, ზეციური საქართველო და ჩვენი სამშობლო. თუ დარღვევები იქნება, რა ვუთხრათ წინაპრებს. ისინი არ გვაპატიებენ. იმედი მაქვს, არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, არ იქნება არავითარი წინააღმდეგობა და მოიგებს ის, ვისაც ხალხი ენდობა", - ბრძანა უწმინდესმა.





