ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ბოლო დღეებში ჰქონდა განცდა, თითქოს მთავრობა მოეშვა. ”ჩვენ არ მოვეშვით, ჩვენ შევწუხდით. ჩვენ ხელები კი არ ჩამოგვიშვია, ხეელები დაკავებული გვქონდა იმით, რომ ამ საზარელი დანაშაულის ყველა ავტორისთვის პასუხი მოგვეთხოვა. მაგრამ ის, რომ მე და ჩემიანებს ხელები დამნაშავეების დასჯით გვქონდა დაკავებული, სამწუხაროდ გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ბოლო 7 წელიწადში პირველად აკურთხეს ახალი კანონიერი ქურდი. გავიგე, რომ დაიწყეს უკვე - ჩვენი დრო მოდის - ძახილი და კონკრეტული თანამდებობის გადანაწილება. ეს მე ერთხელ უკვე ვნახე საქართველოში. ამ ყველაფერს მხედრიონი ერქვა და მან წარმოუდგენელი უბედურება მოუტანა საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ომიც.” - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობდა მთავრობის ჩამოშლის გეგმა: ”იყო გეგმა, რომ მთავრობის სრული ან რაიმენაირი ჩამოშლა მომხდარიყო. მომხდარიყო საზოგადოების სრული დემორალიზაცია. მომხდარიყო შეტაკაბები, ციხის ბუნტი. ვიღაცებს აეღოთ იარაღი, არჩევნების შემდეგ კი, თუ ის შედეგი არ დაგდებოდა, როგორიც უნდათ, სხვა ზომები განეხორციელებინათ. მე შემიძლია თითქმის ბოლომდე დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩაიშალა და ეს გეგმა. ყველამ ერთად ჩავშალეთ. სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული - ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას, პროგრესს, განვითარებას. საქართველოში კანონის უზენაესობას ვერაფერი შეარყევს. ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. ჩვენ ვართ გზის მხოლოდ შუაგულში და მას არ მივატოვებთ. ყველანი ვართ შეშფოთებულები, მაგრამ ჩვენს საქართველო უკან არავის დავაბრუნებინებთ, არანირი პროვოკაციით ამას არ დავუშვებთ".




